ვლადიმერ კონსტანტინიდი - კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იქნება ურთიერთსარგებლიანი
კონგრესმენ ტედ პოს წერილს, რომლითაც კონგრესმენი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს საქართველო-აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, მსგავსი მხარდაჭერა პროცესის დაჩქარებას უწყობს ხელს, თუმცა თავის მხრივ, ქართული მხარეც ამ საკითხს ყველა შეხვედრაზე აყენებს.
„საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად ღრმავდება, რაც გამოიხატება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაზრდილ მხარდაჭერაში, მაღალი დონის ვიზიტებში და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაში. გარდა პოლიტიკური და სტრატეგიული თანამშრომლობისა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა. ამას ხაზი გაესვა ჩვენი პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროსაც. ბოლო წლებში, განსაკუთრებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის დღიდანვე, ჩვენ მნიშვნელოვნად გავააქტიურეთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით და მაღალი დონის ყველა შეხვედრაზე ჩვენი მხრიდან ხაზი ესმება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას, კერძოდ ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი შეთანხმების მიღწევის ინიცირებას და ნიადაგის შემზადებას მოლაპარაკებების დასაწყებად“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, ჩატარდა კვლევა, რომელიც დეტალურად მოგვიანებით გასაჯაროვდება და რომელიც ადასტურებს, რომ ამ შეთანხმების გაფორმება ორივე მხარისთვის სარგებლიანი იქნება.
„ქართული მხარის ინიციატივით ჩატარდა სპეციალური კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ეს შეთანხმება იქნება ურთიერთსარგებლიანი, რაც შეიძლება მოლაპარაკებების დროს იყოს კიდევ ერთი მყარი არგუმენტი ჩვენთვის. კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და მეზობელ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის წარმატებული პრაქტიკა. მზაობა არის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ პოზიტიური აღქმა, რასაც ადასტურებს ეს წერილი და ასევე 28 კონგრესმენის ერთობლივი წერილი. აღნიშნული ადასტურებს, რომ ეს საკითხი არის არამხოლოდ ეკონომიკური, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტვირთების გაცვლა ან თანამშრომლობა ინვესტიციების სფეროში“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა საკმაოდ დინამიურად ვითარდება და მხოლოდ მიმდინარე წლის ცხრა თვეში მესამედზე მეტით არის გაზრდილი ორ ქვეყნას შორის სავაჭრო ტვირთბრუნვა.
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესმენმა ტედ პომ (რესპუბლიკელი-ტეხასი) აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს რობერტ ლაითჰაიზერს წერილით მიმართა.