ვლადიმერ კონსტანტინიდი - აზერბაიჯანში მირტაგ ასადოვის დაკავებისას როგორც სამინიტროს, ისე საელჩოს რეაგირება იყო მყისიერი
ვლადიმერ კონსტანტინიდი - აზერბაიჯანში მირტაგ ასადოვის დაკავებისას როგორც სამინიტროს, ისე საელჩოს რეაგირება იყო მყისიერი

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარის, მირტაგ ასადოვის პრეტენზიებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პასუხობენ.

უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, აზერბაიჯანში ასადოვის დაკავებისას როგორც სამინიტროს, ისე საელჩოს რეაგირება იყო მყისიერი.

მისივე თქმით, კონსულმა არამხოლოდ დაკავებულები, არამედ მისი ოჯახის წევრებიც მოინახულა, ესწრებოდა ასადოვის სასამართლო პროცესებს და თავად დაკავებულისგან მიიღო თანხმობა პერსონალური ინფორმაციის გაცემის თაობაზე.

„მას შემდეგ, რაც ჩვენი უწყებისთვის და ადგილზე საელჩოსთვის ცნობილი გახდა მისი დაკავების ფაქტი, რეაგირება იყო მყისიერი. პირველი ის, რომ კონსულმა დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება. იგი იმყოფებოდა კონტაქტზე როგორც მისი ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან, ასევე თავად მასთან. დაესწრო სასამართლო პროცესს, მიიღო მისგან შესაბამისი თანხმობა მის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე.

დღეისთვის იცით, რომ ის თავისუფალია. ჩვენ შეგვიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ამ მხრივ საელჩომაც და საკონსულომაც ყველაფერი მყისიერად გააკეთეს, რისი გაკეთებაც მათ ევალებოდათ“,- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგ ასადოვი აზერბაიჯანში ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის ასადოვი გათავისუფლებულია.