ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ ესპანეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება, დაწესებული შეზღუდვების გამო, სტანდარტული პროცედურით ვერ მოხდება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან გარდაცვლილთა გადასვენებები სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება.
კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს საგარეო უწყება კონტაქტშია ესპანეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ოჯახთან და გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებით იქნება მიღებული.
„გარდაიცვალა საქართველოს ასაკოვანი მოქალაქე, რომელიც განეკუთვნებოდა მაღალი რისკის პაციენტებს. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მაღალი რისკის პაციენტებში განიხილავდნენ მის მდგომარეობას. რაც შეეხება გადასვენების საკითხებს, იცით, რომ სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეების გადმოსვენებაში, თუმცა გადმოსვენებები სტანდარტული პროცედურებით ვერ ხორციელდება იმის გათვალისწინებით, რომ არის განსაკუთრებული მდგომარეობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შემუშავებული აქვს სპეციალური წესები. ბუნებრივია როგორც სტანდარტული პროცედურა, ვერ იქნება, თუმცა ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაზე ვართ ოჯახის წევრებთან და ისინი საქმის კურსში არიან. მათთან კომუნიკაციაში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
რაც შეეხება კორონავირუსით სხვადასხვა ქვეყანაში ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, საქართველოს 20-მდე მოქალაქეა ინფიცირებული ევროპის ხუთ ძირითადი ქვეყანაში.
„მოქალაქეებთან გვაქვს უშუალო კომუნიკაცია. ამ 20 შემთხვევიდან ძირითადად 10 მსუბუქი შემთხვევებია, შესაბამისად, სტაციონარულ შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე. პრინციპში, ამბულატორიული პირობებით ხდება დაკვირვება. რამდენიმე შემთხვევაა, სადაც ასაკიანები არიან, თუმცა, მათ დინამიკას აკვირდება ადგილობრივი ჰოსპიტალები. მთლიანობაში ამ მოქალაქეების ძირითადი ნაწილი სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას. ჩვენი საკონსულოები არიან მუდმივ კომუნიკაციაზე და პრაქტიკულად ყოველწუთიერად ვიგებთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე, 74 წლის ქალი გარდაიცვალა.