ვლადიმერ კარა-მურზა - რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები სპეციალურად დაამთხვიეს ყირიმის ანექსიის თარიღს
ის, რაც ხდება რუსეთში, აუცილებლად დასრულდება და მჯერა, აუცილებლად უცილებლად დადგება დღე, როდესაც რუსეთში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და გვეყოლება ნამდვილი პარლამენტი, – ამის შესახებ მოძრაობა „ღია რუსეთის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ კარა-მურზამ „პირველ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
რუსმა ოპოზიციონერმა პირველ არხთან რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროპის საბჭოში რუსეთის დელეგაციის წინაღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, არჩევნების გასაყალბებლად რუსეთის პრეზიდენტი იყენებს ყველა მეთოდს.
„18 წელია, რაც რუსეთში სამართლიანი არჩევნები არ გვქონია. საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილია 18 მარტს. აქ საგულისხმოა ერთი დეტალი – მიაქციეთ ყურადღება არჩევნების თარიღს. თარიღი შეიცვალა ფედერალური კანონის თანახმად და ისმის კითხვა – რატომ? ეს მოხდა იმისთვის, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები დამთხვეოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის თარიღს. ეს უკვე ცინიზმიც აღარ არის. რუსეთის პრეზიდენტი იყენებს ყველა მეთოდს არჩევნების გასაყალბებლად . მანიპულაციის ხერხებს და საშულებებს კარგად ფლობს და ეს წლების მანძილზე აპრობირებულია“, – განაცხადა ვლადიმერ კარა-მურზამ.
მისი თქმით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დასახასიათებლად რამდენიმე ფაქტის გახსენება საკმარისია.
„ვსაუბრობთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამ არჩევნების დასახასიათებლად რამდენიმე ფაქტის გახსნება საკმარისია . ორი პოლიტიკოსი აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის დამარცხებას. ერთი იყო ბორის ნემცოვი, რომელიც მოკლეს. მოკლეს კრემლის წინ ხიდზე და ეს მოხდა 3 წლის წინ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა ალექსეი ნავალნი. ნავალნიც ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. საარჩევნო კომისიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ითქვა, რომ კორუფციაში ბრალდებებისა და პატიმრობის გამო, ნავალნი კანდიდატურას ვერ დაასახელებს. ნავალნის საქმე სტრასბურგშია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს „ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ“. სასამართლომ დაადგინა, რომ ნავალნის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენცია. კონვენციის მუხლი შეკრების თავისუფლების შესახებ. პუტინი გაუსწორდა ოპონენტებს და გააკეთა ყველაფერი, რომ კონკურენციას ადგილი არ ჰქონოდა. ამ ყველაფრის შემდეგ, რუსი კომენტატორები უტიფრად ამბობენ, პუტინი რუსეთში ყველაზე პოპულარულია. ეს ე.წ. პოპულარობა არასდროს დადასტურებულა სამართლიან, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში. თუ არჩევნებამდე კონკურენტებს მოკლავ, ნაწილს დაიჭერ და გამოიყენებ ყველა მეთოდს ოპონენტების მოსაშორებლად და გასანადგურებლად, მაშინ ადვილია არჩევნებში გამარჯვება და რუსეთის პრეზიდენტის სტატუსის მიღება. ეს ხდება რუსეთში და ეს აუცილებლად დასრულდება“, – აღნიშნა პირველ არხთან საუბრისას რუსმა ოპოზიციონერმა.
მისი თქმით, რუსეთში ჩატარებული არც ერთი არჩევნებისთვის არც ეუთო-ს და არც ევროპის საბჭოს, სამართლიანი არჩევნების შეფასება არ მიუცია 2003 წლიდან დღემდე.
„რუსეთი არის ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ნორმალური ვითარება რომ გვქონდეს, ბუნებრივი იქნებოდა ამ ორგანიზაციაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრების მისვლაც და მუშაობაც. პრობლემა არის ის პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც ახლა რუსეთშია. რეჟიმი ამ სიტყვას სპეციალურად ვიყენებ. არც ეუთო-ს და არც ევროპის საბჭოს, სამართლიანი არჩევნების შეფასება არ მიუცია 2003 წლიდან დღემდე რუსეთში ჩატარებული არც ერთი არჩევნებისთვის. ეს ეხება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ეუთო-ს და ევროპის საბჭოს ექსპერტებს არ უთქვამთ, რომ რუსეთში ჩატარებული არჩევნები იყო დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი. ე.წ. პარლამენტი, რომელიც ჩვენ რუსეთში გვაქვს. რუსი ხალხის არჩევანს არ წარმოადგენს. ეს ე.წ პარლამენტი არ არის დემოკრატიული გზით არჩეული სათათბირო ორგანო“, – განაცხადა რუსმა ოპოზიციონერმა.
მისი თქმით, უკვე ბევრი წელია, რაც რუსეთის ოპოზიაცია ამ ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ მათ არ სცნონ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრები ლეგიტიმურად, ვინაიადან ისინი ამბობენ, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი.
„ეს არის მიზეზი იმის, თუ რატომ არ უნდა გაიღოს რუსი დეპუტატებისთვის ევროპის საბჭოს კარი. მჯერა და მაქვს დიდი იმედი იმის, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც რუსეთში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და გვეყოლება ნამდვილი პარლამენტი. ისინი დაიცავენ ევროსაბჭოს პრინციპებს და ღირებულებებს. ისინი შეასრულებენ ამ ორგანიზაციის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. მათ ექნებათ ლეგიტიმაცია და არა იმ დეპუტატებს, რომლებიც რუსი ხალხის სახელით დადიან დღეს და ზიანს აყენებეს, ანადგურებენ ქვეყანას“, – განაცხადა პირველ არხთან ვლადიმერ კარა-მურზამ.