ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს გენერალური ინსპექცია იკვლევს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს.
როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, თუ გამოიკვეთება სამართალდამცველების მხრიდან რამე სახის გადაცდომა, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა პროკურატურას.
„რაც შეეხება ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მოქმედების სამართლებრივ მხარეს, ამ საკითხს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იკვლევს და თუ გამოიკვეთება მათი მხრიდან რამე სახის გადაცდომა, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცემა პროკურატურას”,- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ამასთან, დღეს შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.