ვლადიმერ ბორცვაძე - დავით ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და კვლავ ჩატარდება
თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი თავდამსხმელთან დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, მის მიმართ ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთ მძევალ დავით ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.
„დავით ხვიბლიანთან არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და კვლავ ჩატარდება. ჩვენ თუ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ კონკრეტული პირი დანაშაულებრივ ალიანსში იმყოფებოდა თავდამსხმელთან და შევკრავთ მტკიცებულებების შესაბამის სტანდარტს კონკრეტულ პირთან მიმართებაში, რომ იგი იყო თანამონაწილე, უშუალო აღმსრულებელი, ასევე ეხმარებოდა დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მიმართ ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. მათივე ცნობით, მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.