ვლადიმერ ბორცვაძე - ნებისმიერი ადამიანის მიმართ დავიწყებთ სამართლებრივ დევნას, რომელსაც დავუდასტურებთ დანაშაულის შეუტყობინებლობას
ვლადიმერ ბორცვაძე - ნებისმიერი ადამიანის მიმართ დავიწყებთ სამართლებრივ დევნას, რომელსაც დავუდასტურებთ დანაშაულის შეუტყობინებლობას

​ნებისმიერი ადამიანის მიმართ დავიწყებთ სისხლისსამართლებრივ დევნას დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თუ დავუდასტურებთ, რომ ის დანაშაულის შესახებ ფლობს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია არ მიაწოდა საგამოძიებო დანაყოფს, – ამის შესახებ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

რაც შეეხება შსს-ში მიმდინარე გამოძიებას იმ პირების გამოვლენის მიზნით, რომლებიც როგორც უწყება აცხადებს, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას, ბორცვაძე აცხადებს, რომ გამოძიება ცოცხალი ორგანიზმია, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ ისაუბრა.

„კონკრეტულად ვერ მოგახსენებთ ამის ირგვლივ რა მტკიცებულებებს ვიპოვებთ. პირველ რიგში, არ მინდა გამოძიება დავაზიანო. მესმის ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესია ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, თავად ამ სისხლის სამართლის ინტერესებიდან გამომდინარე, ბოდიშის მოხდით, ვერ ვსაუბრობ კონკრეტულ დეტალებზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოძიების შედეგად, გარკვეულ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის გაჩნდა ეჭვი სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედების მცდელობის შესახებ, ბორცვაძე აცხადებს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება.

„მსგავსი ეჭვი არამხოლოდ სასამართლოს განხილვის სტადიაზე, არამედ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროსაც გაჩნდა. ამას გიდასტურებთ ცალსახად და ამ ეჭვის გაჩენისთანავე დაიწყო გამოძიება. ამ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობს, რომელზეც ვაგრძელებთ დღეს გამოძიებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, – განაცხადა აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორმა.

ამასთან, მისი თქმით, უწყება არ დაზოგავს რესურსს და გააკეთებს მაქსიმუმს ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

„არ დავზოგავთ არანაირ რესურსს, გავაკეთებთ მაქსიმუმს, ვიმუშავებთ 24 საათიან რეჟიმში და მაქსიმალურად შევეცდებით, იმ კითხვებს, რაც დაზარალებულთა ოჯახებს გააჩნიათ, არსებულ კითხვებს გავცეთ პასუხი გამოძიების გზით“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ „მოამბის“ პირდაპირ ეთერში.