„ვიზეარი“ 18 მარტიდან საქართველოდან ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს, გარდა ქუთაისი-ბუდაპეშტისა, რომელიც 3 აპრილს შეწყდება
ავიაკომპანია „ვიზეარი“ (Wizz Air) ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციისა და სამგზავრო შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2020 წლის 18 მარტიდან საქართველოდან აჩერებს ფრენებს ყველა მიმართულებით, გარდა ქუთაისი-ბუდაპეშტის ხაზისა, 2020 წლის 3 აპრილამდე, – ამის შესახებ კომპანიამ დღეს განაცხადა.
კომპანია განმარტავს, რომ სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინებას მიიღებენ – მათ ბილეთის ღირებულების 120-პროცენტიანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის „ვიზ კრედიტზე“ (Wizz Credit), რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ „ვიზეარის“ პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა, მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით დიდ დროს მოითხოვს. მათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში, მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100 პროცენტი.
„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები „ვიზეარის“ მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, – აცხადებს „ვიზეარი“.