„ვივამედის“ დირექტორი - ადვოკატები ამბობენ, არასწორად არის დასმული დიაგნოზიო, გვითხარით, სად არის სწორი დიაგნოზი, სწორი პასუხი თუ იცით, დროს წელავთ? ეს პაციენტის ინტერესებში არ შედის
„ვივამედის“ დირექტორი - ადვოკატები ამბობენ, არასწორად არის დასმული დიაგნოზიო, გვითხარით, სად არის სწორი დიაგნოზი, სწორი პასუხი თუ იცით, დროს წელავთ? ეს პაციენტის ინტერესებში არ შედის

„ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებს.

მისივე თქმით, სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოსულ უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც „ვივამედის“ კლინიკაში შევიდნენ, ამავე კლინიკის ექიმებთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონიათ.

„ჩვენი უპირველესი ვალია, ვიდგეთ მისი [მიხეილ სააკაშვილი] და ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ვიდრე ეს პაციენტი არის ჩვენს დაწესებულებაში, ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დადგეს ფეხზე. არასწორი დიაგნოზი გაქვთო, – მაჩვენონ სხვა დიაგნოზი, ჩვენ ეს თვალით არ გვინახავს. შეგვისწორეთ, თუ არასწორად ვმკურნალობთ. ჩამოსული ექსპერტები, რომლებიც კლინიკაში შევიდნენ, ჩვენს ექიმებთან არასდროს არანაირ კომუნიკაციაში შესულან. მათ ჩანაწერი არასდროს გაუკეთებიათ. არასდროს უთქვამთ, რომ ეს კი არა, ის დიაგნოზია. არავინ არაფერს გვეუბნება. ახლა ბატონმა კობმა გამოგვიგზავნა რაღაც დამატებითი კვლევების ჩატარების რეკომენდაცია, მაგასაც გავაკეთებთ, არ არის პრობლემა. ადვოკატები რომ ამბობენ, არასწორად არის დასმული დიაგნოზიო, გვითხარით, სად არის არასწორი დიაგნოზი და თუ იცით, სად არის სწორი პასუხი, დროს წელავთ? პაციენტის ინტერესებში ეს არაფრით შედის“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ „იმედის“ ეთერში.

ნინო ნადირაძის განცხადებით, სააკაშვილის ადვოკატებს სრული ინფორმაცია აქვთ დიაგნოზზე.

„პაციენტის შესახებ სრული ინფორმაცია, ბოლო კვირის დოკუმენტაცია ახლაც მოგვთხოვეს. მათ აქვთ სრული საშუალება, გამოაქვეყნონ დიაგნოზები. კლინიკას უნდა ჰქონდეს პაციენტის წერილობით თანხმობა, გავასაჯაროოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ამიტომ რაც უნდა გვლანძღონ, რომ ასეა, ისეა, დიაგნოზი არ არის, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. მთელი დიაგნოსტიკური სპექტრი, რაც ჩავატარეთ, ყველა მიმართულებით აქვთ მათ ხელთ. ადვოკატი, რომელიც საუბრობს აბსოლუტურად არასამედიცინო ტერმინოლოგიით, გაურკვეველ რაღაცებს, გამოაქვეყნონ და შემდეგ დანარჩენმა საზოგადოებამ იმსჯელოს, რამდენადაა შესაძლებელი ამ დაავადებების მკურნალობა საქართველოს პირობებში. ეს შემთხვევა სხვა მხრივ ძალიან დატვირთულია. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ვთქვათ, რაღაცაზე გაქვთ მძიმე ალერგია, გყავთ არაჩვეულებრივი ექიმი, მკურნალობთ არაჩვეულებრივი წამლებით, მაგრამ ამ ალერგენს მუდმივად იყნოსავთ, ეხებით, მკურნალობა შედეგს ხომ ვერ გამოიღებს იმ ხარისხით, რაც საჭიროა? მას აქვს სრული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, სადაც იმყოფება, რაც კატეგორიულად ამძიმებს დინამიკას, რომ სწრაფად აღდგეს ყველაფერი, მკურნალობას ჰქონდეს ბევრად მეტი ეფექტი, რაც მას ექნებოდა თავისუფლების პირობებში. გავიხსენოთ იულია ტიმოშენკო, რომელიც სავარძლით გამოვიდა ციხიდან, იყო ძალიან მძიმედ ციხეში და სადღაც 3-4 კვირაში მაღალ ქუსლებზე, ვარცხნილობით, ძალიან მალე წარდგა საზოგადოების წინაშე. (მიხეილ სააკაშვილს) კატეგორიული მიუღებლობა აქვს, ვერ შეეგუა იმ გარემოს“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

ამასთან, „ვივამედის“ დირექტორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ინტენსიური თერაპიისა თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევის მონაცემები გვაძლევს საშუალებას, პაციენტი კვლავ აგრძელებდეს მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში. ის არ საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, ინტენსიური თერაპიისა თუ კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში გადაყვანას. დიაგნოზებიც დასმულია, მკურნალობაც მიმდინარეობდა და ფაქტობრივად მისული ვართ რეაბილიტაციის ფაზასთან“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.