ვისკონსინის შტატში საშობაო აღლუმის დროს ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა
ვისკონსინის შტატში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. საშობაო აღლუმის მონაწილეებში მანქანის შევარდნის შედეგად დაშავებული რვა წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშაში კვირას მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა საშობაო აღლუმის მონაწილეებში შევარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, 62 კი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, დაშავებულთა შორის 18 ბავშვია, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
დაკავებული 39 წლის დერელ ბრუკსია. პოლიციის განცხადებით, ბრუკსი მანქანით „ზიგზაგისებურად“ გადაადგილდებოდა. თვითმხილველთა მტკიცებით, ის განზრახ ცდილობდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეჯახებოდა. პოლიციის ოფიცერმა მოძრავი მანქანის მიმართულებით სამჯერ ისროლა, თუმცა ვერ შეაჩერა. ბრუკსის კრიმინალური წარსულის გამო, სასამართლომ გირაოს ოდენობად ხუთი მილიონი დოლარი დაადგინა. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
დაკავებული დერელ ბრუკსი ბოლოს ციხიდან ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ, 11 ნოემბერს გათავისუფლდა. მას 5 ნოემბერს ოჯახური ძალადობის საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალად წარუდგინეს პოლიციის ოფიცრისთვის ხელის შეშლა, ფიზიკური ძალადობა, მუქარა და ხულიგნობა. ამჟამად პროკურატურა იძიებს, რამდენად შეესაბამებოდა გირაოს ოდენობა ბრუკსისთვის წარდგენილი ბრალის სიმძიმეს. 1997 წლიდან დერელ ბრუკსს 10 დანაშაულისთვის ჰქონდა ბრალი წარდგენილი.