ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა „სარტყელისა და გზის“ პროექტის მონაწილე ქვეყნებთან, რომელთა შორის საქართველოც არის, 2017 წლის პირველ 10 თვეში 19,4%-ით გაიზარდა. ინფორმაცია ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა. მათი ცნობით, აღნიშნულ პროექტში ჩართულ სახელმწიფოებთან სავაჭრო ბრუნვამ 5,97 ტრილიონ იუანს (898 მილიარდ დოლარი) მიაღწია.
სტატისტიკური მონაცემების გავრცელება ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს დაამთხვიეს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა ეკონომიკური ურთიერთობები და ვაჭრობაც იქნება.
უკანასკნელ წლებში სულ უფრო თვალსაჩინოა, რომ პეკინი ყველაზე მსხვილი ფინანსური დონორის სტატუსისთვის ბრძოლაში ვაშინგტონის მთავარი კონკურენტი გახდა.
ჩინეთს მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს. ეკონომიკის ზრდის ტემპი ბოლო წლებში შენელდა, თუმცა ის მაინც მაღალ ნიშნულზეა.
ჩინელი ინვესტორები უფრო აქტიურად ყიდულობენ აქტივებს მთელ მსოფლიოში.
2000-2008 წლებში ევროპაში ჩინური ინვესტიციები სტაბილურად ერთ ნიშნულზე იყო. 2008 წელს, როდესაც აშშ-ში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, ჩინური ინვესტიციების ზრდა დაიწყო. 2014 წელს ჩინურმა ინვეტიციებმა ევროპაში 13 მილიარდ ევროს მიღწია, ხოლო 2016 წელს 35 მილიარდს გადააჭარბა.
რაც შეეხება, ჩინეთის მიერ განხორციელებულ ფინანსურ დახმარებას – Aid Datas-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2000-2014 წლებში ჩინეთი 140 სახელმწიფოს დონორი იყო. დაფინანსდა 4300 პროექტი. საერთო ჯამში, საუბარია 362 მილიარდ დოლარზე. ანალოგიურ პერიოდში აშშ-ის საერთაშორისო დახმარებამ 399 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2008 წლამდე უმსხვილესი საერთაშორისო დონორი აშშ იყო, თუმცა 2009 წლიდან 2014 წლამდე პირველობას ჩინეთი აღარ თმობდა. მაგალითისთვის, 2009 წელს პეკინის მიერ გამოყოფილი თანხა ვაშინგტონის დახმარებას თითქმის ორჯერ აღემატებოდა.
რა სახით გასცემს ჩინეთი საერთაშორისო დახმარებას?
აშშ-ის ფინანსური დახმარების დიდი ნაწილი კონკრეტული სფეროებისა და ორგანიზაციების განვითარებაში ჩადებული გრანტებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფულის დაბრუნება აუცილებელი არ არის. ჩინეთის შემთხვევაში კი, მთლიანი დახმარების 79 % სესხების სახითაა გაცემული და მიმღებ ქვეყნას 10-15 წელიწადში ვალის დაბრუნება მოუწევს. განსხვავებულია დახმარების გეოგრაფიული არეალიც. 2000 წლიდან ჩინეთიდან ყველაზე მეტ ფინანსურ სუბსიდიებს აფრიკისა და აზიის რეგიონში იღებდნენ. თუმცა, ერთპიროვნული ლიდერი რუსეთია – 36 მილიარდი დოლარით. მეორე ადგილზეა პაკისტანი – 24 მილიარდი დოლარით. აფრიკაში ჩინეთი ყველაზე მსხვილი დონორია ეთიოპიისთვის, ასევე ანგოლასა და სუდანისთვის. ჩინეთისგან 11 მილიარდი დოლარი მიიღო ვენესუელამ, ხოლო ბრაზილიამ 8 მილიარდი.
რაც შეეხება საქართველოს, ჩინეთის სახელმწიფოსადმი ვალი საკმაოდ მცირეა და ხუთ მილიონზე ოდნავ მეტს შეადგენს. თუმცა, საქართველოს ჩართულია „სარტყელისა და გზის“ პროექტში, რომლის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებისთვის თანხებს ჩინეთის მიერ დაფუძნებული „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან“ გასცემს. ამ შემთხვევაში ვალდებულებები 1 მილიარდ 700 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ფინანსური დახმარების გაცემის დროს ჩინეთი ყველაზე ხშირად ეკონომიკური ინტერესებით ხელმძღვანელობს, ავითარებს საექსპორტო ბაზრებს და საჭირო ინფრასტრუქტურას, თუმცა არავინ იცის, რისთვის გამოიყენებს პეკინი ეკონომიკურ გავლენას მომავალში. კრიტიკოსების ამბობენ, რომ აფრიკულ ქვეყნებში ჩინეთი უკვე უწევს კონკურენციას ისეთ დონორებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. მიზეზი მარტივია – თუ დონორები აფრიკულ ქვეყნებს მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, ჩინეთის შემთხვევაში ასე არ ხდება. პეკინი უბრალოდ გასცემს კომერციულ სესხს, რომლის დაბრუნებაც მიმღებ სახელმწიფოს მოუწევს.
ამას გარდა, პეკინს ე.წ. იზოლირებული რეჟიმების დახმარებაშიც სდებენ ბრალს. Aid Data-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ 2000-2014 წლებში 200 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ახლახან პეკინისგან ფული მიიღო კამბოჯამაც, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები დახურეს, რის გამოც დასავლეთი კამბოჯის ლიდერებს დახმარების შეწყვეტით დაემუქრა. როგორც მკვლევრები ამბობენ, ჩინეთის დახმარებით, კამბოჯის მსგავს ქვეყნებს აქვთ საშუალება, დასავლეთის სახელმწიფოების მოთხოვნების შესრულებას თავი აარიდონ და ფული მაინც მიიღონ.
ჩინეთის ასეთმა მიდგომამ შესაძლოა, სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ტემპის შენელება გამოიწვიოს. ამას გარდა, კვლავ ძნელი სათქმელია, რა მოხდება 10-15 წელიწადში, როდესაც პეკინი ვალების დაბრუნებას მოითხოვს.