ვირუსის პრევენციის მიზნით, აუცილებელი შემთხვევების გარდა, მომხმარებლები „თბილისი ენერჯის“ სერვისებს დისტანციურად მიიღებენ
ვირუსის პრევენციის მიზნით, აუცილებელი შემთხვევების გარდა, მომხმარებლები „თბილისი ენერჯის“ სერვისებს დისტანციურად მიიღებენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანია „თბილისი ენერჯი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლებს მომსახურების მიღება დისტანციურად, მომსახურების ცენტრებში მისვლის გარეშე შეეძლებათ.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების ნორმებისა და პრევენციული ზომების გათვალისწინებით, შეგახსენებთ, რომ „თბილისი ენერჯის“ მომსახურების მიღება შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად. გაცნობებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს ცხელი ხაზი – 2 40 40 04, სწრაფი რეაგირების სამსახური – 114. შესაბამისად, მომსახურების მისაღებად არ დაგჭირდებათ მომსახურების ცენტრებში მისვლა, გარდა აუცილებელი ან განსაკუთრებული შემთხვევებისა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, „თბილისი ენერჯი“ აცხადებს, რომ აქტიურად ახორციელებს ვირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციულ ღონისძიებებს, მომსახურების ყველა ცენტრში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. ამასთან, კომპანია ატარებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, რომლის შესახებ რეკომენდაცია გაცემულია შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების მიერ.