„ვირტუსი“ იტალიის სუპერთასის ფინალშია - შენგელიამ ნახევარფინალში 21 ქულა ჩააგდო [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიაში სეზონი სუპერთასის გათამაშებით დაიწყო, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობს. მათ შორისაა თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“, რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ს ფინალი „არმანი მილანოსთან“ დათმო. ნახევარფინალში ბოლონიელთა მეტოქე „ნაპოლი“ გახლდათ, რომელსაც ქართველი ფორვარდის ლიდერობით „ვირტუსმა“ 96:87 მოუგო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლელემა ზაკ კოპელანდმა 30 ქულა მიითვალა, ქართველ ფორვარდს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
ბოლონიელთა შემადგენლობაში 13-13 ქულა მიითვალეს ვილ კლაიბერნმა და დანიელ ჰაკეტიმ.
მეორე ნახევარფინალში „არმანი მილანომ“ 72:63 დაამარცხა „ვენეცია“ და ფინალში გავიდა. სუპერთასისთვის კვირას ერთმანეთს სერია A-ს გასული სეზონის ფინალისტები – „მილანო“ და „ბოლონია“ შეხვდებიან.