თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და საქართველოს ნაკრებთან შესაერთებლად ფინეთში გაემგზავრა #1TVSPORT
ევროლიგის მე-11 ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და დრამატული ბრძოლა თურქული კლუბის მცირე უპირატესობით დასრულდა – 86:82.
ქართველი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. თორნიკემ პარკეტზე 33 წუთი გაატარა – ამ დროში მან 23 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შენგელიამ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. „ფენერბაჰჩეს“ შემადგენლობაში კი თავი ყველაზე მეტად მარკო გუდურიჩმა გამოიჩინა – 21 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი.
თორნიკე შენგელია ამ რთული შეხვედრის დასრულების შემდეგ, იმავე დღეს ფინეთში გაემგზავრა, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.