ვიქტორ ყიფიანი - შუა დერეფანი ჩვენთვის არის უალტერნატივო, რადგან ქმნის აბსოლუტურად სხვა რეალობას ჩვენთვის და ჩვენი სამეზობლოსთვის
შუა დერეფანი ჩვენთვის არის უალტერნატივო, რადგან ის ქმნის აბსოლუტურად სხვა რეალობას ჩვენთვის და ჩვენი სამეზობლოსთვის, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„იშვიათად მახსენდება პროექტი, რომელიც ესოდენ დიდ მასშტაბში იყოს გეოგრაფიული ფაქტორით ნაკარნახევი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი დაწინაურდა და დღეს, პრაქტიკულად, თუ არა ერთადერთ, ერთ-ერთ მოწინავე პროექტად განიხილება. რა თქმა უნდა, ეს პროექტი არც სხვა ქვეყნებისთვის არის რიგითი პროექტი, მაგრამ ჩვენთვის ის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა. თუ სხვა, განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჰქონდათ სხვა ალტერნატივები, ჩვენთვის ეს არის უალტერნატივო“, – განაცხადა ყიფიანმა.
მისი თქმით, საქართველო ამჯერად ხდება არა მარტო სატრანზიტო ქვეყანა, რაც იქნებოდა განმეორება იმავე ფუნქციის, რომელსაც საფუძველი 90-იან და 2000-იან წლებში ჩაეყარა, არამედ შავი ზღვის კაბელის პროექტის, ანაკლიის პორტის საკითხის შემოტანით ქვეყანას საშუალება ეძლევა, ამ სურათში მეორე ფუნქცია შემოიტანოს და გახდეს მწარმოებელი ქვეყანა.
„მნიშვნელოვანია ტრანზიტი და წარმოება, ჩვენი როლის და ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის პროეცირება, ამასთან, თანამედროვე ეკონომიკა განუყოფელია უსაფრთხოების გაგებისგან და ეს საშუალებები ჩვენთვის გაცილებით უფრო გაათმაგებული და გაასმაგებული იქნება. დღეს ჩვენ ვართ სწორ კურსზე და იღბლის გარდა, შიგნიდან გვჭირდება ძალისხმევა, რომ ამ ეკოსისტემაში დიდი შავი ზღვის რეგიონში და კასპიის ზღვის რეგიონში არა მარტო ტრანზიტზე ვიფიქროთ, არამედ საწარმოო ბაზის მეტად გაფართოებაზე. ჩვენ დღეს სწორედ ეს კოზირი გვეძლევა ხელში და ამ კოზირს გვაძლევს მათ შორის, ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფია“, – განაცხადა ყიფიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ამის პოლიტიკური ნება, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებას მხოლოდ შენი ნებელობითი ფაქტორი არ კმარა.
„უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ეგზოგენური გარეშე ფაქტორები, შეიძლება, არც თუ პოზიტიური და ხშირად, კრიზისი შეიძლება იყოს ასეთი შესაძლებლობის დაჩქარების ან წარმოქმნის ერთგვარი საშუალება. გარკვეულწილად, კრიზისში მოქცეული დასავლური ეკონომიკის მდგომარეობამ განაპირობა იმ რეგიონისკენ გამოხედვა უფრო მეტად, უფრო დაბეჯითებით და აქცენტირებულად, საითკენაც ყურადღებას მანამდეც არ ვიყავით მოკლებული, მაგრამ ალბათ, არა იმ დოზით და ხარისხით, როგორც ამაზე პრეტენზია ყოველთვის გვქონდა. ისე მოხდა, რომ რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებული კრიზისი ერთ დროში ხდება, რამდენიმე სისტემური კრიზისი დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომ სისტემათა კრიზისების მრავალფეროვნებამ აიძულა ევროპა, რომ ჩვენკენ უფრო მეტად გამოეხედა. შესაბამისად, აზიისთვისაც ჩვენ, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელი, შედარებით უფრო უალტერნატივო გავხდით. ალბათ ამ ვითარებამ მიგვიყვანა ამ განვითარებამდე, რასაც თავისი დრო სჭირდება და სჭირდება არა მარტო შენი სურვილი, ნება და მზაობა, არამედ გარეშე ფაქტორებიც“, – განაცხადა ყიფიანმა.
ვიქტორ ყიფიანმა ასევე აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება და ალბათ ჩრდილოეთის მარშრუტიც აღდგება, მაგრამ დღეს ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როდის მოხდება ეს, რა მასშტაბით და რა მოცულობით, თუმცა შუა დერეფნის კონკურენცია ყოველთვის დარჩება და ამ დერეფანს ყოველთვის, ყველა ეტაპზე მოუწევს თავისი ქმედუნარიანობის დამტკიცება.
მისივე თქმით, შუა დერეფნის პროექტზე საუბრისას აუცილებლად უნდა ითქვას უსაფრთხოების ფაქტორის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.
„გარდა თამაშის წესებისა და კონკურენტუნარიანობისა, სათანადო დაცულობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ პროექტის უშუალო მონაწილეთა და პროექტის ბენეფიციართა საზრუნავი იქნება. ეს საზრუნავი მხოლოდ ხუთი სახელმწიფოს მხრებზე ვერ გადავა. ეს იქნება, მათ შორის, ევროპის საზრუნავი, რომ ამ ჯაჭვს რამე არ დაემუქროს“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.