ვიქტორ ორბანმა, ჰერბერტ კიკლმა და ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან
ვიქტორ ორბანმა, ჰერბერტ კიკლმა და ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადეს, რომ ევროპარლამენტში ახალ მემარჯვენე ჯგუფს ქმნიან. აღნიშნული განცხადება მათ ვენაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

ორბანმა, ბაბიშმა და კიკლმა დადეს „პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის“, სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი „ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ისეთ ინტერესებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერების, რეგიონებისა და მცირე თემების ნებას“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 9 ივნისს გამართული ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ „ახალი ერა იწყება“.

„ჩვენ საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი მემარჯვენე კოალიცია ევროპაში. უძლიერესი ავსტრიული, უნგრული და ჩეხური მემარჯვენე ძალები ახლა თქვენ წინაშე სხედან“, – აღნიშნა ორბანმა.

ევროპარლამენტის ფრაქციებმა შემადგენლობა 15 ივლისამდე უნდა გამოაცხადონ, რომელშიც უნდა იყოს, სულ მცირე, 23 პარლამენტარი ევროკავშირის, მინიმუმ, შვიდი ქვეყნიდან. ამრიგად, ორბანის, ბაბიშისა და კიკლის ალიანსს ჯერ კიდევ სჭირდება ევროკავშირის, სულ მცირე, ოთხი ქვეყნის ევროპარლამენტარების მხარდაჭერა.