ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არ გამოუთქვამს ინტერესი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას საფუძვლიანი წინაპირობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არ გამოუთქვამს ინტერესი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას საფუძვლიანი წინაპირობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუთქვამს ინტერესი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეიქმნას საფუძვლიანი წინაპირობა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

ამ საკითხზე ვიქტორ ორბანმა შვეიცარიელ ჟურნალისტთან ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტმა ვიქტორ ორბანს იმ სამი კითხვის შესახებ ჰკითხა, რომელიც, ორბანის თქმით, პუტინს შეხვედრაზე დაუსვა.

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, პუტინმა მას უთხრა, რომ ნამდვილი მოლაპარაკებები შეუძლებელია ორივე მხარის ჩართულობის გარეშე და რუსეთის ჩართულობის გარეშე მოქმედებას აზრი არ აქვს. ვიქტორ ორბანის შეფასებით, ეს სავსებით ლოგიკურია.

რაც შეეხება იმ შეკითხვას, რა აზრისაა პუტინი ცეცხლის შეწყვეტაზე, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, – ვიქტორ ორბანმა აღნიშნა: „პუტინმა თქვა, რომ არ აქვს დადებითი მოლოდინები ამის შესახებ. ზელენსკიმ თქვა, რომ არ აქვს დადებითი მოლოდინები, რადგან რუსეთი ამას უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს, ხოლო პუტინმა თქვა, რომ ამ პაუზას უკრაინა გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. მე კი ვთქვი, მოდი, დავფიქრდეთ, ჩემთვის გასაგებია თქვენი არგუმენტები“.

უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა ისიც, რომ თავს მიიჩნევს ერთადერთ დასავლელ ლიდერად, რომელსაც ერთდროულად შეუძლია უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკება.

„მე ვაწარმოებ ამ მოლაპარაკებებს, რადგან ვეძებ ომის დასასრულებლად ყველაზე სწრაფ და უმოკლეს გზას“, – თქვა ორბანმა.

ვიქტორ ორბანმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტს ბოლო წუთამდე მალავდა დასავლელი მოკავშირეებისგან და მეტ „მოულოდნელ შეხვედრებსაც“ დაჰპირდა მათ.