ვიქტორ ორბანი - უნგრელებმა იციან, რა არის ომი, ამჟამინდელი ომი ჩვენი ომი არ არის, ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომში უნგრეთი არ შევა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში მემარჯვენე კონსერვატორების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპელი ლიდერები „ომის ლოგიკის“ გამოყენებაში დაადანაშაულა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მმართველობის გარეშე უნგრეთი უკვე ომში ბოლომდე იქნებოდა ჩაფლული, მაშინ როცა „ომის მომხრე მთავრობა, ბრიუსელის ბიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატების ქსელი მილიონობით დოლარს უგზავნის ომის მომხრე მემარცხენეებს ბუდაპეშტში“.
„ომის მხარდამჭერი მთავრობები, ბიუროკრატები ბრიუსელში, ჯორჯ სოროსის ქსელი მილიონობით დოლარს უგზავნის ბუდაპეშტში ომის მომხრე მემარცხენეებს, რომლებიც არც მალავენ იმ ფაქტს, რომ მათ სურთ მთავრობის შეცვლა მათი კლიენტებისთვის. მათ სურთ ომის მომხრე მთავრობა, მშვიდობის მომხრე მთავრობის ნაცვლად, მარიონეტული მთავრობა, რომელსაც ბრიუსელი და ვაშინგტონი აკონტროლებს, ნაცვლად ეროვნული მთავრობისა. ასე რომ, მეგობრებო, მოკლედ რომ ვთქვათ, უნდა ვიბრძოლოთ. უნდა დავიცვათ უნგრელი ხალხის მშვიდობა და უსაფრთხოება. უნდა დავიცვათ ეკონომიკური მიღწევები, ჩვენი ოჯახები და განსაკუთრებით ჩვენი შვილები. ბრიუსელისთვის გასაგებად: არა მიგრაცია, არც გენდერი, არც ომი. ასე წერია საარჩევნო მანიფესტში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
როგორც მედია წერს, ორბანი უნგრეთს უწინასწარმეტყველებს „კიდევ მეტ უსიამოვნებას“, რადგან ბრიუსელში დღეს „არსებობს ომის მომხრე უმრავლესობა“, ევროპაში „საომარი განწყობა ჭარბობს“ და პოლიტიკაში „დომინირებს ომის ლოგიკა“.
„ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს დასავლეთის ჯარების გაგზავნისგან, ეს არის სამხედრო ქარიშხალი, ბრიუსელი ცეცხლთან თამაშობს, ღმერთის გამოცდაა, რასაც ბრიუსელი აკეთებს“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრელებმა იციან, რა არის ომი და ამჟამინდელი ომი „მათი ომი“ არ არის. ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომში უნგრეთი არ შევა არცერთი მხარის გვერდით.