ვიქტორ ორბანი - უკრაინელების ინტერესშია, რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპა და მთელი მსოფლიო ჩართონ
ვიქტორ ორბანი - უკრაინელების ინტერესშია, რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპა და მთელი მსოფლიო ჩართონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინელების ინტერესშია, რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპა და მთელი მსოფლიო ჩართონ.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინელები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტი ქვეყნის ჩართვას შეძლებენ რუსების წინააღმდეგ თავიანთ ომში, მით მეტია მათი გამარჯვების შანსი.

„უკრაინის ეროვნული თვალსაზრისით, ომის ესკალაცია ლოგიკურია. მეორე მხრივ, უნგრელებმა იციან, რომ ომისგან შორს უნდა იყვნენ, რადგან მასში შესვლა უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ზუსტად იცის, რა ისტორიულ სიღრმეებს და გეოპოლიტიკურ ჰორიზონტს ხსნის მისი წინადადებები. მე კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის გავრცელების შესაჩერებლად“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საუბრისას ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ ევროპაში არის ამერიკული ბირთვული არსენალი და მისი საპასუხო გამოყენება ევროპის კონტინენტიდან მოხდება.

„ბირთვული იარაღის გავრცელების ნაცვლად, ევროპამ უნდა იბრძოლოს ბირთვული განიარაღებისთვის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.