ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე
ვიქტორ ორბანი შარლ მიშელს მოუწოდებს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ითხოვს, მომავალ კვირას, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე თავიდან აიცილონ რაიმე გადაწყვეტილების მიღება უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე და მოუწოდებს შარლ მიშელს, არ მოიწვიოს ევროპული საბჭო უკრაინის საკითხზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ვიქტორ ორბანის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისადმი გაგზავნილ კიდევ ერთ წერილში.

„როიტერის“ ცნობით, ორბანის პოზიცია ეწინააღმდეგება ევროკომისიის, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს, მოსაზრებას, რომელმაც გასულ თვეში რეკომენდაცია გასცა კიევთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როგორც კი ის დააკმაყოფილებს საბოლოო პირობებს, თუმცა ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერების ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს.

მედიის ცნობით, ორბანმა მიმართა შარლ მიშელს, რომ სამიტმა არ უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტის გეგმა, რომელიც მოიცავს 50 მილიარდი ევროთი კიევის ეკონომიკურ მხარდაჭერას.

„პატივისცემით მოგიწოდებთ, არ მოიწვიოთ ევროპული საბჭო, რომ გადაწყვიტოს ეს საკითხები დეკემბერში, რადგან კონსენსუსის აშკარა ნაკლებობა აუცილებლად გამოიწვევს მარცხს. ევროპულმა საბჭომ უნდა აარიდოს თავი ამ კონტრპროდუქტიულ სცენარს ერთიანობის, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივის გულისთვის“, – წერს ორბანი.

„როიტერის“ ცნობით, შარლ მიშელის სპიკერმა უარი თქვა წერილის შესახებ რაიმე სახის კომენტარის გაკეთებაზე, მაგრამ ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ მათ სურთ, განიხილონ უკრაინის წევრობის პერსპექტივები და ბიუჯეტი სამიტზე, რომელიც გაიმართება ბრიუსელში 14 და 15 დეკემბერს. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებმა, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, გამოთქვეს შეშფოთება, რომ სამიტზე გაწევრიანების მოლაპარაკებებსა და ფინანსურ დახმარებაზე შეთანხმების არარსებობა დიდი პოლიტიკური დარტყმა იქნება კიევისთვის ომის შუაგულში და განიხილება, როგორც სტიმული მოსკოვისთვის.

შეგახსენებთ, „პოლიტიკოს“ ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების, ასევე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაბლოკვით იმუქრება, თუ ევროკავშირის ლიდერები არ დათანხმდებიან კიევის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მთლიანი სტრატეგიის გადახედვას.