ვიქტორ ორბანი - ევროპა მხარს უჭერს ომს, ერთადერთი გამონაკლისი უნგრეთია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის
ვიქტორ ორბანი - ევროპა მხარს უჭერს ომს, ერთადერთი გამონაკლისი უნგრეთია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის

ჩინეთის პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სი ძინპინმა და ვიქტორ ორბანმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა სხვადახვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გეგმავს.

„ჩინეთი ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი საყრდენია. ჩვენ ვცხოვრობდით ერთცენტრიან მსოფლიო წესრიგში, ახლა ვცხოვრობთ მრავალცენტრიან სამყაროში და ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთი საყრდენი ჩინეთია. ქვეყანა, რომელიც ახლა განსაზღვრავს მსოფლიოს და ეკონომიკურ კურსს. უნგრეთს ყოველთვის ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა ჩინეთთან, რომელსაც ჰქონდა მყარი პოლიტიკური საფუძვლები და ჩვენ ყოველთვის მივყვებოდით „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკას, ყოველთვის ვთვლიდით ჩინეთს მეგობარ ქვეყანად“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში უნგრეთის ხმა მარტოა, რომ ევროპა მხარს უჭერს ომს და ერთადერთი გამონაკლისი უნგრეთია, რომელიც ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის.

ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს ჩინეთის სამშვიდობო ინიციატივას.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი უნგრეთთან ეკონომიკურ, სავაჭრო, საინვესტიციო და ფინანსურ თანამშრომლობას გააღრმავებს.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩინეთი და უნგრეთი იზიარებენ მსგავს შეხედულებებსა და პოზიციებს საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებაზე და მზად არიან, გააძლიერონ კომუნიკაცია და კოორდინაცია მრავალი მიმართულებით“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

სი ძინპინმა ასევე ისაუბრა საკვანძო სამშენებლო პროექტებზე, მათ შორის, ბუდაპეშტსა და ბელგრადს შორის ჩქაროსნულ სარკინიგზო მიმოსვლაზე.