ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ, ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, „სამშვიდობო მისიას“ გააგრძელებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ, ევროკავშირის კრიტიკის მიუხედავად, „სამშვიდობო მისიას“ გააგრძელებს. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ორბანმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს შეხვედრებს და ამის შესახებ განცხადებას მხოლოდ შეხვედრის შემდეგ გაავრცელებს, როგორც ეს ჩინეთსა და რუსეთში ვიზიტისას გააკეთა, რადგან მიაჩნია, რომ ომის გავრცელების შესაჩერებლად სამშვიდობო მისია აუცილებელია.
ამასთან, ორბანის თქმით, დარწმუნებულია, რომ ევროპა შეიცვლება.
„უბრალოდ, ძალიან რთულია გამოსვლა იქიდან, სადაც ისინი არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი შეიცვლება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, მაგრამ უმჯობესია, ეს არ იყოს პანიკური და ნაჩქარევი შემობრუნება“, – განაცხადა ორბანმა.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიას“ გმობს. რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტარები გმობენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის არაკოორდინირებულ საგარეო პოლიტიკურ ქმედებებს.