ვიქტორ დოლიძე - რუსეთის მხრიდან საფრთხე გაზრდილია, სწორედ ამიტომ, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო, უკრაინასთან, შვედეთთან, ფინეთთან და ევროკავშირთან ერთად მიეწვია თავდაცვის მინისტერიალზე
ნატო საქართველოსთან, როგორც განსაკუთრებულ პარტნიორთან თანამშრომლობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. რუსეთის მხრიდან საფრთხე გაზრდილია, სწორედ ამიტომ, ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო უკრაინასთან, შვედეთთან, ფინეთთან და ევროკავშირთან ერთად მიეწვია თავდაცვის მინისტერიალზე, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების ხვალინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელშიც უკრაინის თავდაცვის მინისტრი და ასევე საქართველოს, ფინეთის, შვედეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტი უკვე, რასთანაც გვაქვს საქმე. ჩვენ პრაქტიკულად უკვე ყველგან ვართ, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. იმის ფონზე, რომ საფრთხე უკვე საქართველოსთან მიმართებაშიც გაიზარდა, არასდროს არ მოკლებია რუსეთის მოქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა განსაკუთრებით გაზრდილია. ამიტომ, საქართველოსთან თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ პარტნიორთან, ნატო ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, თავდაცვის მინისტერიალზე, სადაც ორი ძირითადი თემა იქნება განხილული, პირველი – უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და მეორე – ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, საქართველოს მოწვევის ფინეთთან, შვედეთთან და ევროკავშირთან ერთად“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
კითხვაზე, იქნება თუ არა ხვალ მსჯელობა აშშ-ის ინიციატივაზე, რომ საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს არაწევრი, მაგრამ განსაკუთრებული პარტნიორის სტატუსი მიენიჭოს, დოლიძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრების ფორუმი ნაკლებად პოლიტიკურია.
„თავდაცვის მინისტრების ფორუმი ნაკლებად პოლიტიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითადად უსაფრთხოების და პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ უნდა იმსჯელოს ნატო-მ. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, ალბათ ეს იქნება მომავალ მინისტერიალზე, რომელიც დაგეგმილია 7 აპრილს, სადაც საქართველო, ჩემი აზრით, აუცილებლად იქნება წარმოდგენილი და პოლიტიკურ თემებს ალბათ იქ უფრო განვიხილავთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
მისივე თქმით, ხვალინდელ მინისტერიალზე საუბარი შეეხება ერთობლივ წვრთნებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.
„რა თქმა უნდა, ამ საკითხს გავდივართ, წვრთნები მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით, ჩვენი სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის გაზრდის თვალსაზრისით. ახლა უკვე აბსოლუტურად სხვა ეტაპზე ვიმყოფებით. ჩვენ ვზრუნავთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის უსაფრთხო კომუნიკაციები, როგორიც არის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. ნატო-სთან თანამშრომლობის სრულიად სხვა, გაზრდილ ეტაპზე ვიმყოფებით, რაც არის საწინდარი დაგეგმილ მადრიდის სამიტზე ჩვენი წინ გადადგმული ნაბიჯის და, რა თქმა უნდა, მომავალი წევრობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.