ვიქტორ დოლიძე ნატო-სთან ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ვიქტორ დოლიძე ნატო-სთან ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა ნატო-სთან ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენელთან კეი ჰაჩისონთან. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ში საქართველოს მისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა მიმოიხილა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ასპექტების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები.

თავის მხრივ, კეი ჰაჩისონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ და შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა ქართულ მხარეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამას გარდა, აშშ-ის ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“,- აღნიშნულია ნატო-ში საქართველოს მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.