ვიქტორ დოლიძე - ნატო-ს სამიტის კომუნიკე იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე იყო აქამდე, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის თვალსაზრისით წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმევა
ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ბრიუსელში ხვალ დაგეგმილი ნატო-ს სამიტი განსაკუთრებული იქნება, ვინაიდან აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ ამპლუაში პირველად წარსდგება მოკავშირეების წინაშე და განხილული იქნება გლობალური თემები, მათ შორის ისეთი საკითხები, რომლებიც შეეხება „ჩინეთის ექსპანსიას, რუსეთსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს“.
დოლიძის თქმით, ასევე სამიტი შეეხება საქართველოს საკითხსაც.
„მეხუთე პუნქტის შესაბამისად, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის საკითხი იქნება განხილული, მათ შორის ისეთი საკითხები, რომლებიც ასახავს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დეოკუპაციის მნიშვნელობას, ამავე დროს, ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი ამომავალი წერტილია“, – აღნიშნა დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ნატო-ს სამიტის დასკვნითი დოკუმენტი – კომუნიკე იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე იყო აქამდე.
„მინდა, გითხრათ, რომ კომუნიკე იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე იყო აქამდე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
ვიქტორ დოლიძემ ასევე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელის სამიტის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ბრიუსელის ფორუმში“.
„არ შეიძლება, არ აღინიშნოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა ბრიუსელის ფორუმში, რომელიც პარალელურად ტარდება სამიტთან დაკავშირებით. ანუ, ნატო და ჯორჯ მარშალის ფონდი ერთიანად ატარებენ ბრიუსელის ფორუმს, რომელიც ეძღვნება „ნატო 2020“-ის დოკუმენტს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ პრემიერ-მინისტრის ფორუმზე გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ გლობალური საფრთხეების გამკლავებასთან დაკავშირებით, არამედ როგორც საქართველოს როლი და კონტრიბუცია ნატო-ს ოპერაციებში მომავალი მონაწილეობის თვალსაზრისით.
გპირდებით, ეს იქნება ძალიან პოზიტიური ჩვენი ქვეყნისთვის მომავალი ინტეგრაციის თვალსაზრისით. დანარჩენს უკვე ვიხილავთ ხვალ, დღის მეორე ნახევარში, როცა კომუნიკე მზად იქნება. ჩვენი მთავარი მოლოდინი ნატო-სთან, ისევე როგორც ევროკავშირთან დაკავშირებით არის წევრობა და სრულფოსოვანი ინტეგრაცია ნატო-სა და ევროკავშირში. ეს იქნება MAP-ის მეშვეობით, MAP-ის გარეშე, ამას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ, ის, რომ საქართველო გაწევრიანდება და ბუქარესტის სამიტის ვალდებულებები იქნება გათვალისწინებული დოკუმენტში, ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა, ჩვენი თანამოქალაქეების მოლოდინები გავზარდო, ამიტომ, მოდით, დაველოდოთ, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ინტეგრაციის თვალსაზრისით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ გავწევრიანდებით ნატო-ში, თუმცა ახლავე გეტყვით, რომ ჩვენი ნატო-ში წევრობა არის გადაწყვეტილი საკითხი.
ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები და მისდამი ერთგულება ჩვენი თანამოკავშირეების მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ამის დიდი საფუძველი და უნდა ვიმუშაოთ როგორც ქვეყნის შიგნით დემოკრატიის, თავდაცვის რეფორმების განვითარების კუთხით, ისევე ჩვენს მოკავშირეებთან“, – განუცხადა ვიქტორ დოლიძემ საქართველოს პირველ არხს.