ვიქტორ დოლიძე - დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და ნატო-ში მისი შეხვედრები კიდევ ერთ, მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს მომავალში ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს ნატო-ში, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველად ესტუმრება ნატოს შტაბბინას, სადაც მას საშუალება ექნება, უმაღლეს დონეზე გამართოს შეხვედრები ნატო-ს გენერალურ მდივანთან, გენერალური მდივნის მოადგილესთან, სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
დოლიძის თქმით, ორმხრივი შეხვედრების გარდა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
„ამასთანავე, ორმხრივი შეხვედრების მიღმა, ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დონეზე, სადაც ელჩებს, ნატო-ში წარმოდგენილ ალიანსის ელჩებს ექნებათ საშუალება, მასთან გაიარონ ისეთი საკითხები, როგორებიც არის საგარეო და უსაფრთხოების უმთავრესი პრიორიტეტები, რეფორმების მიმდინარეობა ქვეყანაში, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. ახლოვდება ვაშინგტონის სამიტი წლევანდელ ზაფხულს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. ეს არის საიუბილეო სამიტი, 75 წლის იუბილე, სადაც განხილული იქნება არა მხოლოდ ალიანსის გამოწვევები და საფრთხეები, არამედ პარტნიორობის თემატიკაც, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და ამას აღიარებს მთლიანად ალიანსი. ამიტომ ამ ინტერაქციას მოკავშირეებთან ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელში პრემიერის პირველი ვიზიტი და ნატო-ში მისი შეხვედრები კიდევ ერთ, მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს ჩვენს სრულფასოვან წევრობას ალიანსში მომავალში“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.