ვიოლა ფონ კრამონი - უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაცია თავიდან უნდა ავირიდოთ, მაგრამ პუტინს უნდა ვაჩვენოთ ძალაც, რადგან მას სწორედ ასეთი ენა ესმის
ვიოლა ფონ კრამონი - უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაცია თავიდან უნდა ავირიდოთ, მაგრამ პუტინს უნდა ვაჩვენოთ ძალაც, რადგან მას სწორედ ასეთი ენა ესმის

უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის ესკალაცია თავიდან უნდა ავირიდოთ, მაგრამ პუტინს უნდა ვაჩვენოთ ძალაც, რადგან მას სწორედ ასეთი ენა ესმის, – ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

კრამონი ერთ-ერთია იმ ცხრა ევროპარლამენტარს შორის, რომლებიც უკრაინაში ჩავიდნენ და კიევს სოლიდარობა გამოაცხადეს. ევროპარლამენტარების დელეგაცია უკრაინის აღმოსავლეთში იმყოფებოდა. მათი თქმით, მარიუპოლში ვითარება მშვიდია, თუმცა მოქალაქეები მოვლენების ყველაზე უარესი სცენარით განვითარებისთვის ემზადებიან.

საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, რამდენად არის მსგავსება დღეს უკრაინის საზღვრებთან არსებულ მდგომარეობასა და 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრის წინა მდგომარეობას შორის, ევროდეპუტატი ამბობს, რომ გარკვეულ მსგავსებას ხედავს, თუმცა დასავლეთი ახლა უფრო შემართებით მოქმედებს.

„უკრაინაში შექმნილ მდგომარეობა მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება მივამსგავსოთ საქართველოში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებს. ერთი მხრივ სულ მალე გაიხსნება ოლიმპიური თამაშები. საქართველოში 2008 წელს ეს ყველაფერი სწორედ ოლიმპიური თამაშების დაწყებას დაემთხვა, რომელიც მაშინაც პეკინში იმართებოდა. ეს შეიძლება იყოს მსგავსება. თუმცა, ახლა შექმნილ მდგომარეობას მთელი მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება. აკვირდება რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციას უკრაინის აღმოსავლეთის საზღვრების გასწვრივ. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინის მიმართ ბევრი გამოთქვამს სოლიდარობას და ყველას ყველაფერი კარგად ესმის. ვფიქრობ, ნათელია, თუ ვინ არის აგრესორი და ვინ მსხვერპლი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ განვვითარდით, თუმცა ჩემი აზრით სწორი საპასუხო რეაქციები მაინც არ გვაქვს. ცხადია, ჩვენ შევიტყვეთ, რომ ევროკავშირი, ნატო და ყველა პარტნიორები მკაცრ სანქციებს შემოიღებენ. ისინი ასევე განიხილავენ ძლიერ სამხედრო მხარდაჭერას. თუმცა, საბოლოო ჯამში უკრაინა მაინც თავადაც უნდა მოემზადოს ომისთვის. აქ ჩვენ დავადგინეთ, რომ დასავლეთი დღეს უფრო შეშფოთებულია არსებული მდგომარეობით, ვიდრე უკრაინის მთავრობა კიევში. ყოველ შემთხვევაში, მათ სურთ, რომ სიტუაცია დაამშვიდონ, რაც მისაღებია. რა თქმა უნდა, მოქალაქეებმა არ უნდა გაიტანონ დანაზოგი ბანკებიდან, თუმცა ხალხის მომზადება მაინც საჭიროა. მათ უნდა იცოდნენ, სად არის თავშესაფრები. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორც უნდა მოიქცნენ. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ჩვენთვის შემაშფოთებელი მომენტია“, – განაცხადა კრამონმა.

ევროდეპუტატის თქმით, ყველას აქვს იმედი, რომ დაძაბულობის განმუხტვა დიპლომატიის გზით მოხერხდება.

„იმედი მაქვს, რომ დიპლომატიას ჯერ კიდევ აქვს შანსი. ყველა მუშაობს ამისთვის. მაგალითისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესანიშანვი სამუშაო შეასრულა მოსკოვში. ის ჯერ კიევში ჩავიდა და შემდეგ მოსკოვში. მას ძალიან მტკიცე და ხისტი პოზიცია ჰქონდა ლავროვთან შეხვედრაზე და ძალიან კარგად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. ცხადია, ჩვენ სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე. თუმცა, ნატო-ში არიან სხვა პარტნიორები, რომლებიც მზად არიან, უკრაინას შეიარაღება გადასცენ. ეს სამუშაოს გადანაწილებას ჰგავს და მისაღებია. ზოგადად, ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან ესკალაცია, მაგრამ ამავე დროს, უნდა გვქონდეს ზეგავლენის ბერკეტი. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პუტინს ძალა. ეს არის ის, რისიც მას ყველაზე მეტად ესმის. ცხადია, პუტინი არის ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც სანქციების დაწესება განიხილება. ასევე ის ადამიანები, ვინც აქტიურად არის ჩართული ომსა და უკრაინის წინააღმდეგ რეპრესიებში. ასე რომ, ეს ლოგიკურია. ბოლო რეზოლუცია, რომლიც ევროკავშირმა დიდი უმრავლესობით მიიღო, მოიცავს სანქციების დიდ ნუსხას. ცხადია, გულისხმობს სანქციებს ფინანსური სექტორის წინააღმდეგ, საბანკო სექტორის წინააღმდეგ. ეკონომიკური და ასევე ინდივიდუალური სანქციები პუტინის გარემოცვის წევრების წინააღმდეგ. იმ ოლიგარქების წინააღმდეგ, ვინც სარგებელს იღებს სისტემიდან“,- განაცხადა კრამონმა.