ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის დაკავების საქმეზე - შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო
აქციაზე ვარ, რათა სოლიდარობა გამოვხატო დაკავებული ადამიანის მიმართ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა მთავრობის კანცელარიასთან პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.
როგორც ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი გამოცალკევება, აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს.
„პირველ რიგში, კარგია, რომ გვაქვს შეკრების თავისუფლება და ადამიანები გამოვიდნენ ამ ახალგაზრდის სოლიდარობის მიზნით, რომელიც დაკავებული იქნა. რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო. ვფიქრობ, იმის ფონზე, რაც ხდებოდა მარტის დასაწყისში, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს შეკრების უფლება და არ არის საჭირო ამ დემონსტრაციის ინდივიდების ამორჩევა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგია აქ მოსვლა და სოლიდარობის გამოხატვა.
აქ, როგორც ყველა, იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი გამოცალკევება, აშკარად სპეკულირება, რომ იგი და ხალხის კონკრეტული ჯგუფი ძირს უთხრიან ამ პროტესტს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველას აქვს ამ უცხოური გავლენის კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, მინდა, ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო, სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელიც ძალიან უჭერს მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი, რატომაც ვარ აქ, ეს ძალიან მარტივია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი პარტია „ევროპული საქართველო“ იყო. აქციის მონაწილეებს აჩვენეს ორი ფილმი: „დაუსჯელი დანაშაული“ და „ქართული თუ რუსული ოცნება“.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.