დღეიდან საქართველოში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამის – საკრედიტო-საგარანტიო სქემის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები (სრულად ან ნაწილობრივ), ასევე ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ბენეფიციარი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით ისარგებლებს, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.
დოკუმენტის მიხედვით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც იღებს სესხს კომერციული ბანკისგან ამ პროგრამის ფარგლებში, სესხის აღების მომენტისთვის შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს: ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბენეფიციარის საშუალო ბრუნვა 20 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს, ამასთან ბენეფიციარის სასესხო ვალდებულებები 8 მილიონ ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 50 000 ლარით, მაქსიმალური კი 2 000 000 ლარით განისაზღვრა.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 2 000 000 ლარს.
„ამასთან, თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში, მათ მიერ აღებული სესხების ჯამური ოდენობა (ცალ-ცალკე და ერთობლივად) არ უნდა აღემატებოდეს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარს“, – წერია დოკუმენტში.
პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში მოხდება.
პროგრამის ფარგლებში საკრედიტო გარანტია კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე სესხის ძირი თანხის არა უმეტეს 70 პროცენტის ოდენობაზე გაიცემა.
საკრედიტო გარანტია სესხის გაცემიდან არა უმეტეს 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის 2019-2023 წლებში ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარი გამოიყოფა.
დადგენილების მიხედვით, მექანიზმით სარგებლობას ვერ შეძლებენ ის მეწარმე სუბიექტები, რომლებმაც ამ სქემის ფარგლებში ერთხელ უკვე განიცადეს დეფოლტი ან დაარღვიეს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები; რომლებმაც სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პირობები დაარღვიეს; სესხის გაცემის მომენტისთვის, სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება აქვთ. პროგრამის ფარგლებში სესხის აღების უფლება არც მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ სუბიექტებს ექნებათ.
ამასთან, საკრედიტო გარანტია არ გაიცემა იმ სესხებთან დაკავშირებით, რომელთა მსესხებელს წარმოადგენს საწარმო, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 10 პროცენტზე მეტ წილს, აქციას ან და სესხის გაცემის მომენტისთვის მონაწილეობს საწარმოს მართვაში.
ავტორი: ქრისტნე გამთენაძე