ვინ არის სერგეი სკრიპალი, რომლის მოწამვლის გამო ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა
ვინ არის სერგეი სკრიპალი, რომლის მოწამვლის გამო ბრიტანეთმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა

 

რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, სერგეი სკრიპალის მოწამვლა ბრიტანული სპეცსამსახურებისთვის სერიოზული გამოწვევაა. დიდი ბრიტანეთი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს.

სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი თავდაპირველად ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს, შემდეგ შეიწყალეს, გაათავისუფლეს, ბოლოს კი სკრიპალს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.

 

 

ვინ არის სერგეი სკრიპალი

​სერგეი სკრიპალი 66 წლისაა. ის მზვერავობისთვის სკოლიდან ემზადებოდა. 1972 წელს კალინინგრადის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. პროფესიით მედესანტე-გამნამღველია. ამის შემდეგ ის კუიბიშევის სამხედრო-საინჟინრო აკადემიაში ჩაირიცხა. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

წლების წინ სკრიპალი ესპანეთში რუსეთის ატაშედ მუშაობდა. ხოლო რუსეთში დაბრუნების შემდეგ, დაზვერვის სამმართველოში დასაქმდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ პერიოდში, სკრიპალი სამმართველოს კადრების სამსახურის უფროსის თანამდებობასაც იკავებდა.

1999 წელს მან სამსახური დატოვა. ამის შემდეგ პერიოდულად წერდა „კომერსანტში“ და ასევე შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

2001 წელს ყოფილი მზვერავი მოსკოვის ოლქის ადგილობრივ სამსახურში გადავიდა და წლების მანძილზე იქ საქმიანობდა.

 

 

სკრიპალის დაკავება

როგორც ცნობილია, სერგეი სკრიპალი ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა 1990-იან წლებშივე გადაიბირეს, როდესაც ის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის მთავარ სამმართველოში მსახურობდა.

ამ დროს ის ბრიტანეთს, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. მათ შორის მან ლონდონს გაუმხილა რამდენიმე რუსი ჯაშუშის ვინაობა, რომლებიც ევროპაში მუშაობდნენ. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, საუბარია სულ 12 ჯაშუშზე. ასევე ის ვაჭრობდა საიდუმლო დოკუმენტებით.

„კომერსანტი“ წერდა, რომ სკრიპალმა ცხრაწლიანი ჯაშუშობის პერიოდში 100 ათასი დოლარი მიიღო.
2004 წელს პოლკოვნიკი დააპატიმრეს. ამ დროს დიდი ბრიტანეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. რუსეთის კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ ის ლონდონში ბრიტანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.
დაკითხვისას მან აღიარა, რომ ბრიტანეთის სასარგებლოდ 1995 წლიდან ჯაშუშობდა. როგორც BBC-ის დაზვერვის კიდევ ერთმა ოფიცერმა უთხრა, სკრიპალი ე.წ. „თაფლის ხაფანგის“ საშუალებით გადაიბირეს – სპეცსამსახურების სლენგზე ეს ნიშნავს, რომ სკრიპალს ჯაშუშთან ჰქონდა ინტიმური კავშირი.

სკრიპალი „სახელმწიფო ღალატში“ დაადანაშაულეს და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2010 წელს ჯაშუშების გაცვლის საფუძველზე, ორმაგი აგენტი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ბრიტანეთის სპეცსამსახურებს უნდა დაეკითხათ, თუმცა ამის დამადასტურებელი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. პოლკოვნიკი სკრიპალი 2010 წელს აშშ-ში დაკავებულ ჯაშუშებზე გაცვალეს, მათ შორის ერთ-ერთი იყო ცნობილი ანა ჩეპმენი.

ვრცელდება ცნობა, რომ ყოფილი რუსი მზვერავი ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის შესახებ ლექციებს კითხულობდა. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას არ გააჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკის შესახებ, რადგან მან 20 წლის წინ დატოვა დაზვერვის მთავარი სამმართველო. ამის შემდეგ 14 წელი ციხეში გაატარა და ბოლოს ბრიტანეთში ცხოვრობდა.

მედია ავრცელებდა ცნობას, რომ სკრიპალი შეიძლება ​დონლად ტრამპის ცნობილ „რუსულ დოსიესთან“ ყოფილიყო დაკავშირებული, რომელიც MI-6-ის ყოფილმა თანამშრომელმა ქრისტოფერ სტილმა შეკრა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ის სკრიპალს იცნობდა, თუმცა ეს ინფორმაცია არავინ დაადასტურა.

 

რა შეიძლებოდა ყოფილიყო სკრიპალის მოწამვლის მოტივი

ერთ-ერთ მთავარ ვერსიად განიხილება შურისძიება, რადგან სრკიპალმა ბევრი რუსი აგენტი ამხილა და მათ შესახებ ინფორმაცია დიდ ბრიტანეთს გადასცა. ბრიტანული მედია ასევე წერს, რომ ყოფილი ორმაგი ჯაშუშის მკვლელობის მცდელობა შეიძლება იყოს საჩვენებელი აქტი, რომლის გზავნილიც მარტივია – „რუსეთი მაინც მოგაკითხავს, სადაც არ უნდა იმალებოდე“.

თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სკრიპალი არ წარმოადგენდა რუსეთისთვის საფრთხეს, ხოლო ჯაშუშის მკვლელობა მისი შეწყალების შემდეგ სპეცსამსახურების დაუწერელი კანონების დარღვევაა“ – წერს BBC.