ვიდეოკონფერენციის ფორმატში ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანის, შარლ მიშელისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა
ვიდეოკონფერენციის ფორმატში ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანის, შარლ მიშელისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა

ვიდეოფორმატის რეჟიმში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. ვიდეოკონფერენციის შესახებ ინფორმაციას სომხური და აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრა ემანუელ მაკრონის შუამავლობით განხორციელდა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, მხარეებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამ კონტექსტში, წინასწარ დაგეგმილი დღის წესრიგის შესაბამისად, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე, ნდობის გამყარებაზე, კომუნიკაციების გახსნაზე, საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. საუბრის დროს ილჰამ ალიევმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ყარაბაღის პირველი ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის დადგენის საკითხში აზერბაიჯანისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდას, ასევე გათავისუფლებული ტერიტორიების განაღმვის, რკინიგზისა და საავტომობილო დერეფნების გახსნის საკითხებს.

ამასთან, სომხური მედიის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იყო აზერბაიჯანსა და სომხეთში იუნესკო-ს მისიის გაგზავნის საკითხი.