ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური -შინდისში დაღუპული ალექსანდრე ონიანის დედას, სოციალური დახმარება ყოველთვიური 1000 ლარიანი შემწეობის გამო მოეხსნა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ეხმაურება ინფორმაციას, რომელიც შინდისში, 2008 წელს დაღუპული ალექსანდრე ონიანის დედისთვის, რუსუდან გელოვანისთვის სოციალური დახმარების მოხსნას შეეხებოდა.
როგორც პირველ არხს ვეტერანების საქმეთა სამსახურიდან აცნობეს, ისინი რუსუდან გელოვანის ქალიშვილს, ელენე ონიანს დაუკავშირდნენ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობს.
„როგორც ელენემ განგვიმარტა, სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი ოჯახისთვის ცნობილია და ეს მათთვის გაუგებრობას არ წარმოადგენს“. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადების მიხედვით, სოციალური დახმარება რუსუდან გელოვანს მოეხსნა 1000 ლარიანი შემწეობის გამო. იგი, როგორც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები, ასევე, იღებს პენსიას 212 ლარის ოდენობით. რუსუდან გელოვანი წარმოადგენს ომში დაღუპული ოჯახის წევრს, შესაბამისად, ყოველთვიურად ერიცხება 1000 ლარიანი კომპენსაცია. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის N 35/ნ ბრძანების მე-12 მუხლის I ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად. 86 ლარზე მეტი ოდენობის სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნა წარმოადგენს საოჯახო ( სოციალური) დახმარების შეწყვეტის საფუძველს. ოჯახის მფლობელობაშია ასევე, საცხოვრებელი ბინა თბილისში, რომელიც სახელმწიფომ მათ როგორც დაღუპული მეომრის ოჯახს, გადასცა.
ელენე ონიანმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც თავდაცვის მინისტრისთვის ცნობილი გახდა მისი ძმის დაავადების შესახებ, გიორგი ონიანის თურქეთში მკურნალობისთვის გამოყო 20 000 ლარი, რომელიც ოჯახს ანგარიშზე უდევს და ემზადება ავადმყოფის თურქეთში სამკურნალოდ წასაყვანად. გიორგი ონიანი ერთხელ უკვე იყო თურქეთში გამოკვლევების ჩასატარებლად, რაშიც, ასევე დაეხმარა თავდაცვის სამინისტრო. ელენე ონიანმა, ასევე გვითხრა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ოჯახმა მხოლოდ იმისთვის მიმართა, რომ გიორგი ონიანი C ჰეპატიტის პროგრამაში ჩაესვა, რაც სამინისტრომ მყისიერად დაუკმაყოფილა. როგორც ლენტეხის გამგებელმა, ბადრი ლიპარტელიანმა აღნიშნა, ოჯახს, კანონით დადგენილი შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება გაუწია ლენტეხის გამგეობამაც,“ – ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.