ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად დღეს, 13:00 საათზე წარუდგენენ. ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატებმა განაცხადეს.

ზაზა სიხარულიძის ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დაკავებულს ბრალი სავარაუდოდ დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობისთვის წარედგინება.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. შესაბამისად, მომხდართან დაკავშირებით რაიმე პოზიციას ვერ გამოხატავს.

„ჩვენი პოზიცია, პირდაპირ და მკაფიოდ, ერთია – ვიდრე ჩვენ მიმართ არ მოხდება რაიმე ბრალის წარდგენა და შესაბამისად, რომელიღაც მტკიცებულების გადმოცემა, ახლა, ჩვენ რომ განცხადება გავაკეთოთ, რაიმეს ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით, ეს არასერიოზული იქნება“, – აცხადებს ფანცულაია.

დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას გამორიცხავს დაკავებული ლაშა სიხარულიძის ადვოკატი.

გიორგი ანთიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სავარაუდოდ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის წარედგინება.

„მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, არანაირი მართლსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება, მხედველობაში მაქვს იარაღი, არ ამოღებულა. გამოძიებას მივცემთ სრულ ინფორმაციას, რეალურად რა მოხდა. დასამალი არაფერი გვაქვს. ამ ეტაპზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძესთან ლაშა სიხარულიძეს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. გამოძიებით უნდა დადგინდეს, ვინ მიაყენა დაზარალებულს დაზიანებები. ერთადერთი, რაც დადასტურებით შემიძლია გითხრათ, ეს არ იყო ლაშა სიხარულიძე”, – განაცხადა გიორგი ანთიძემ.

ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში, სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დააკავა.

ვერცხლის ქუჩაზე სროლას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა.