ვენტურა იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ვენტურა იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა პოსტიდან დაითხოვეს, – წერს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი. ასეთი გადაწყვეტილება ოთხშაბათს, ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.

69 წლის სპეციალისტი “სკუადრა აძურას” ევრო 2016-ის შემდეგ ჩაუდგა სათავეში და გუნდს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისას უხელმძღვანელა. საკვალიფიკაციო ეტაპი იტალიისთვის კრახით დასრულდა – ნაკრები, ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად, ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე.


როგორც Football Italia-მ გაარკვია, ვენტურა კომპენსაციის სახით 866 ათას ევროს მიიღებს. მისი ხელფასი წელიწადში 1.3 მილიონ ევროს შეადგენდა, კონტრაქტის ამოწურვამდე კი რვა თვე იყო დარჩენილი.


ახალი მწვრთნელის ვინაობა არ სახელდება, თუმცა, პრესის ცნობით, მთავარი პრეტენდენტი კარლო ანჩელოტია, რომელთანაც ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები.