ვენესუელის ყოფილი მთავარი პროკურორი ამტკიცებს, რომ ჩავესი გაცილებით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ამის შესახებ ოფიციალურმა კარაკასმა განაცხადა
ვენესუელის ყოფილი გენერალური პროკურორი ლუისა ორტეგა დიასი, რომელიც დღეს ქვეყნიდან განდევნილია, ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი უგო ჩავესი თითქმის სამი თვით ადრე გარდაიცვალა, ვიდრე ეს მთავრობამ გაახმაურა.
მისივე თქმით, ოფიციალური კარაკასი ჩავესის მუმიფიცირებას გეგმავდა, რაც ვერ მოხერხდა. ამის მიზეზი, მთავარი პროკურორის თქმით ის არის, რომ ჩავესის ცხედარი სამი თვე მორგში ინახებოდა.
დიასი ერთ-ერთ ესპანურენოვან გამოცემასთან საუბარში იხსენებს, რომ 2012 წლის 12 დეკემბერს მას ტელეფონით დაუკავშირდა ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე დიოსდადო კაბეიო და უგო ჩავესის გარდაცვალების შესახებ შეატყობინა. მთავარი პროკურორი მაშინ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებოდა, ხოლო როდესაც კარაკასში დაბრუნდა, უთხრეს, რომ ჩავესი ცოცხალია.
„მე ვითხოვდი, ეჩვენებინათ ჩემთვის ცოცხალი პრეზიდენტი ან ეჩვენებინათ გარდაცვალების შესახებ ცნობა, ექსპერტიზის დასკვნა ან თავად ცხედარი. კაბეიომ მითხრა, რომ შეცდა. არადა მე ვხვდებოდი, რომ ქვეყანა პრეზიდენტის გარეშე იმართებოდა“, – განაცხადა ვენესუელის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ლუისა ორტეგა დიასმა.
ჩავესის გარდაცვალების შესახებ იმავეს ამტკიცებდა პანამის ელჩი ვენესუელაში, ასევე ვენესუელის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ენრიკე კაპრილესი.
ოფიციალური ვერსიით, უგო ჩავესი 2013 წლის 5 მარტს გარდაიცვალა, რისი მიზეზიც ავთვისებიანი სიმსივნე იყო. მას ოპერაცია და ქიმიოთერაპიის კურსი რამდენჯერმე ჩაუტარდა.
ვენესუელის კანონმდებლობის თანახმად, ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, არჩევნების გარეშე ჩავესის მემკვიდრედ გამოცხადებული ნიკოლას მადურო არალეგიტიმურ მმართველად იქნება მიჩნეული. გარდა ამისა, მადუროს არალეგიტიმურობაზე ვენესუელის ოპოზიცია წლებია ლაპარაკობს.
მათი მტკიცებით, მადურო კოლუმბიაში დაიბადა, ხოლო ვენესუელის კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გახდება პირი, რომელიც ვენესუელის ტერიტორიაზე არ დაბადებულა.