ვენესუელის ოპოზიცია აქციების მთელ მსოფლიოში გამართვის მოწოდებით გამოვიდა
ვენესუელის ოპოზიცია აქციების მთელ მსოფლიოში გამართვის მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მარია კორინა მაჩადო სოციალურ ქსელ „იქს“-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
მისი თქმით, 17 აგვისტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უნდა გაიმართოს აქციები, რომლის მონაწილეებიც გააპროტესტებენ ვენესუელაში არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებას.
„ეს გზავნილი არის თქვენთვის, ვინც საკუთარ თავს ვერ ცნობს დღევანდელ ვენესუელაში, ვინც დაიღალა საკუთარი ოჯახების დაყოფით, ვინც ხმა მისცა და სურს, რომ 28 ივლისს ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატივისცემით მოეკიდონ“, – ამბობს ვიდეომიმართვაში მაჩადო.
ვიდეომიმართვა ასევე გაავრცელა ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმაც, რომელმაც მაჩადო ჩაანაცვლა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს.
„ჩვენ გავიმარჯვეთ. ვენესუელამ გაიმარჯვა. შევხვდებით 17-ში“, – განაცხადა გონსალესმა.
მაჩადოც და გონსალესიც უკვე ერთ კვირაზე მეტია, მიმალვაში არიან. მაჩადომ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
ცნობისთვის, ვენესუელაში 28 ივლისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ნიკოლას მადურო გახდა ქვეყნის ლიდერი. თავის მხრივ, ოპოზიციის მტკიცებით, მათი მონაცემები აჩვენებს, რომ გამარჯვებული ედმუნდო გონსალესია. არჩევნების შედეგების გამოცხადებას კარაკასსა და ვენესუელის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. „როიტერის“ ცნობით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები. დაიღუპა, სულ მცირე, ორი ადამიანი. დააკავეს 2000 მომიტინგე.
აშშ-მა და ევროკავშირმა ვენესუელაში ჩატარებული არჩევნების შედეგები არ ცნეს. ვაშინგტონში გამარჯვებულად ედმუნდო გონსალესი გამოაცხადეს, ხოლო ევროკავშირმა მოუწოდა ვენესუელის ხელისუფლებას, ხმები ხელახლა დათვალოს.
Este mensaje es para ti, que no te reconoces en la Venezuela de hoy, que estás cansado de tener a tu familia separada, que votaste y quieres que se respete lo que decidiste el 28 de julio.
Nos vemos el próximo sábado 17 en la Gran Protesta Mundial por la VERDAD.
Actívate en… pic.twitter.com/hEIPsPxe2x
— María Corina Machado (@MariaCorinaYA) August 11, 2024