ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა
ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა

ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ედმუნდო გონსალესის დაკავების ორდერი გასცა.

დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ორდერი მოსამართლემ ედვარდ ბრისენიომ გასცა, რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებს იხილავს.

პროკურატურა ედმუნდო გონსალესს რამდენიმე დანაშაულში სდებს ბრალს, მათ შორის სახელმწიფო მოვალეობების უზურპაციაში, დოკუმენტების გაყალბებაში, დაუმორჩილებლობისკენ წაქეზებასა და სისტემის საბოტაჟში. თავად გონსალესი, რომლის ადგილსამყოფელი არჩევნების შემდეგ უცნობია, დანაშაულს უარყოფს.

ვენესუელის საარჩევნო ორგანომ ივლისში გამართულ არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოაცხადა, თუმცა, ოპოზიციის განცხადებით, ხმის მიცემის შედეგები აჩვენებს, რომ არჩევნებში გონსალესმა გაიმარჯვა. მადუროს გამარჯვებულად გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას, ვიდრე ხმის მიცემის დეტალურ შედეგებს არ იხილავენ. აშშ-მა კი განაცხადა, რომ გონსალესმა ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა და მადუროს დამარცხების უტყუარი მტკიცებულებები არსებობს. მადუროს მხარდაჭერაზე ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანამაც თქვა უარი. მადუროს ყოფილმა მოკავშირემ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ ვენესუელის მთავრობას გამჭვირვალობისკენ მოუწოდა.