ვენესუელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე 2000 დემონსტრანტი დააკავეს
ვენესუელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ გამართულ აქციებზე 2000 დემონსტრანტი დააკავეს. როგორც ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ მხარდამჭერებთან გამოსვლისას განაცხადა, დაკავებულებს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გააგზავნიან.
„ამჯერად დანდობა არ იქნება“, – განაცხადა მადურომ.
ამავე დღეს ვენესუელაში ოპოზიციის მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები გაიმართა. ოპოზიციის ლიდერმა, მარია კორინა მაჩადომ განაცხადა, რომ აქციები გაგრძელდება. მაჩადო დაკავების საფრთხის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში საჯაროდ არ გამოჩენილა. კარაკასში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ვენესუელის მმართველი რეჟიმი დასუსტებულია, ისე როგირც არასდროს.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ედმუნდო გონსალეს ურუტია ამ მიტინგებზე არ გამოჩენილა.
ცნობისთვის, ვენესუელის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ არჩევნებში 52%-იანი მხარდაჭერით ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. დამკვირვებლების შეფასებით, არჩევნები სათანადოდ გამჭვირვალედ არ ჩატარებულა.