ვენესუელაში დაპირისპირების დროს ბოლო მონაცემებით, 71 ადამიანი დაშავდა
ვენესუელას დედაქალაქში დაპირისპირების დროს ბოლო მონაცემებით, 71 ადამიანი დაშავდა. ისინი უახლოეს სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს.
„სიენენი“ საავადმყოფოების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავებულებიდან 43-ს რეზინის ტყვიით ჭრილობები მიყენებული აქვს, ორი პირი კი, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. როგორც ცნობილია, დაშავებულებიდან რამდენიმე პირის მდგომარეობა მძიმეა.
კარაკასში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ავიაბაზაზე ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ ფაზაში გადასვლის შესახებ განაცხადა.
ვიდეოს გავრცელებიდან მალევე ავიაბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და დედაქალაქის სხვა რაიონებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რასაც სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა ცალკეულ ადგილებში აქტივისტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს.
კარაკასში ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ განწყობილი მოსახლეობა ამ დრომდე ქუჩაში რჩება.