ვენესუელამ ევროკავშირის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისაბელ ბრილიანტე პედროსამ 72 საათში უნდა დატოვოს ვენესუელის ტერიტორია.
ევროპელი დიპლომატის გაძევება ევროკავშირის მიერ ნიკოლას მადუროს მხარდამჭერების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო გადაწყვიტეს.
როგორც ვენესუელის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ხორხე არეასმა განაცხადა, საპროტესტო ნოტა ევროკავშირის ელჩს პირადად გადასცეს.
მომხდარის შემდეგ ვენესუელას საკანონმდებლო ორგანოში განაცხადეს, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ ეთანხმებიან და კარაკასში ევროკავშირის წარმომადგენლობის საქმიანობას დეტალურად შეისწავლიან.
ევროკავშირმა 22 თებერვალს გააფართოვა ვენესუელელი მაღალჩინოსნების ე.წ. შავ სია და ნუსხაში დამატებით 19 ფიზიკური პირი შეიყვანა. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ სიაში მოხვედრილ პირებს ოპოზიციის საარჩევნო საქმიანობისთვის ძირის გამოთხრისთვის და ადამიანი უფლებების დარღვევისთვის ეკისრებათ პასუხისმგებლობა. სულ ევროკავშირის შავ სიაში ამჟამად ვენესუელას 55 მოქალაქეა.