ვენეციის მცხოვრებლებმა ვიზიტორებისთვის ქალაქში შესვლაზე ერთდღიანი გადასახადის დაწესება გააპროტესტეს
ვენეციის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს ვიზიტორებისთვის მოგზაურობის ერთდღიანი გადასახადის წინააღმდეგ, რომელიც ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად დაწესდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში შესვლის საფასური 5 ევრო დააწესა.
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გადასახადი არ გადაჭრის მათ რეალურ პრობლემებს. ასობით ვენეციელი მსვლელობით გამოვიდა ქალაქში, რომლებსაც ეჭირათ ბანერები წარწერით: „არა – ბილეთებს, დიახ – სერვისებსა და საცხოვრებელს“. მოგვიანებით მსვლელობის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ხანმოკლე შეხლა-შემოხლა მოხდა. დემონსტრაცია საბოლოოდ მშვიდობიანად დასრულდა პიაცაზე.
ვენეციის ხელისუფლებამ წამოიწყო საპილოტე პროგრამა ერთდღიანი ტურისტებისთვის შესვლის საფასურის, 5 ევროს გადასახადის დაწესებით. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუშლის ვიზიტორების პიკურ დღეებში ჩამოსვლას და ქალაქს უფრო კომფორტულს გახდის მისი მცხოვრებლებისთვის. მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ქალაქში ჩადიან 08:30 საათიდან 16:00 საათამდე. ამ საათების გარდა, წვდომა უფასოა.
დასავლური მედიის შეფასებით, ვენეცია, დიდი ხანია, განიცდის ტურიზმის ზეწოლას. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პანდემიამდელი შეფასებები, რომლებიც მერყეობს 25 მილიონიდან 30 მილიონ ვიზიტორამდე წელიწადში, არ არის სანდო და რომ საპილოტე პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს უფრო ზუსტი ციფრების დადგენას.