ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. პროექტის სახელწოდებაა „იანვარი, თებერვალი, მარტი“. მისი წარმდგენია თბილისის არქიტექტურის ბიენალე, ავტორთა ჯგუფი: გიორგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე, ოთო ნემსაძე.
კულტურის სამინისტრო ულოცავს კონკურსში გამარჯვებას შემოქმედებით და საორგანიზაციო გუნდს და წარმატებებს უსურვებს ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე.
პროექტი „იანვარი, თებერვალი, მარტი“ იკვლევს დროის დინებისა და ენერგიის ურთიერთმიმართებას, თვითნაბადი სიცოცხლის – ენერგიის, მისი ათვისების, განაწილებისა და შენარჩუნების ადამიანურ მეთოდებს, ენერგიის პოლიტიკას, ამ პოლიტიკის დროებითობასა თუ მუდმივობას ისტორიულ რეალობაში. მკვდარი და ცოცხალი ბუნების ვიზუალური და სტრუქტურული დაპირისპირებით, პროექტი სიმბოლურად ფოკუსირდება წყალსაცავებზე, მათ გაჩენასა და მათი ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე.
პროექტის ავტორები: გიგი შუკაკიძე, თინათინ გურგენიძე, ოთარ ნემსაძე;
საავტორო ჯგუფის წევრები: გიორგი ვარდიაშვილი, ალექსი სოსელია, სტეფანო ტორნიერი, ლადო ყანდაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, ელენე ფასური, ტატო კოტეტიშვილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის იდეა სრულად ეხმიანება ბიენალეს კურატორის, ლესლი ლოკოს კონცეფციასა და მთავარ თემას – „მომავლის ლაბორატორია“.
ინფორმაციისთვის, თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2017 წელს დაარსდა და ორ წელიწადში ერთხელ კრიტიკულ თემებთან დაკავშირებულ გამოფენებს, ინსტალაციებს, ვორქშოფებს, სიმპოზიუმებსა და სხვა აქტივობებს ახორციელებს. 2022 წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალემ მესამე გამოშვებას უმასპინძლა, რომელიც დროებითობის თემას ურბანულ და სოციალურ ჭრილში განიხილავდა. თბილისის არქიტექტურის ბიენალე ჩამოყალიბდა, როგორც პლატფორმა, სადაც მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროფესიონალი ერთიანდება.
პროექტი გამარჯვებულად გამოცხადდა ფარული კენჭისყრის შედეგად საკონკურსო კომისიის ხმათა უმრავლესობით. კონკურსში 17 პროექტი იყო დარეგისტრირებული. მათგან საკონკურსო კომისიამ ხუთი პროექტი შეარჩია ე.წ მოკლე სიაში, შერჩევის მეორე ეტაპზე განხილვის მიზნით.
საკონკურსო კომისიის წევრები იყვნენ: მერაბ გუჯეჯიანი – არქიტექტორი, კომისიის თავმჯდომარე; თამარ წულუკიძე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი; ელენე კილაძე – არქიტექტურის დოქტორი, თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის დამფუძნებელი დირექტორი, Domus Georgia პლატფორმის დამფუძნებელი, მთავარი რედაქტორი; ბექა ფხაკაძე – არქიტექტორი; ნინო ახვლედიანი – კურატორი, ხელოვნებათმცოდნე; მარიამ ნატროშვილი – არტისტი; მზია ჩიხრაძე – კურატორი, ხელოვნებათმცოდნე.
არქიტექტურის ბიენალე ვენეციაში 2023 წლის 20 მაისს გაიხსნება და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ეროვნულ პავილიონში ასევე მოეწყობა სახელოვნებო რეზიდენცია, სადაც ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობას შეძლებენ 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც კონკურსის გზით გამოვლინდებიან.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.