ვენდი შერმანი - აშშ-მა და ნატო-ს წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ არ იტყვიან უარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე
აშშ-მა და ნატო-ს წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ არ იტყვიან უარს ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანმა, ნატო-რუსეთის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვენდი შერმანის თქმით, რუსეთთან დიალოგისას ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს საერთაშორისო პრინციპებისადმი საერთო მხარდაჭერა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის შესაძლებლობა და ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ყველამ პატივი უნდა სცეს.
მისი განმარტებით, ყველა ქვეყანა არის და უნდა იყოს თავისუფალი საკუთარი ალიანსების არჩევაში. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განმარტებით, მან რუსეთის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ აშშ მტკიცედ მისდევს პოლიტიკას „არაფერი შენზე შენს გარეშე“, როდესაც საკითხი მის მოკავშრეებს და პარტნიორებს ეხება.
მისი განცხადებით, აშშ-მა და ნატო-ს წევრებმა ერთხმად განაცხადეს, რომ არ იტყვიან უარს ღია კარის პოლიტიკაზე, რადგან ის ალიანსის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. შერმანის თქმით, ნატო ყოველთვის იცავს თავის წევრებს და არასოდეს გაფართოებულა ძალის გამოყენებით.
„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ბატონ გრუშკოს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ფომინს ეცნობა, რომ ჩვენ არ დავხურავთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, რადგან ის ყოველთვის იყო ცენტრალური ალიანსისთის. ნატო მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვითი ალიანსია და იცავს საკუთარ წევრებს. ნატო არასოდეს გაფართოებულა ძალის გამოყენებით და იძულებით. ყველა ქვეყანას დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს ალიანსში გაწევრიანება“, – განაცხადა ვენდი შერმანმა.
შერმანის განცხადებით, რუსეთის წარმომადგენლებს ეცნობათ, რომ მათ მიერ წამოყენებული წინადადებები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიუღებელია. ამასთან, მისი თქმით, ეს კრიზისი რუსეთმა გამოიწვია და მისი დეესკალაციაც რუსეთმა უნდა მოახდინოს.
„რუსეთს 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, მოსკოვი იყენებს აგრესიულ რიტორიკას და ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ უკრაინა ისწრაფვის კონფლიქტის გაღვივებისკენ და არა რუსეთი, ეს სიცრუეა. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2014 წელს, მოახდინა უკრაინის ნაწილის ოკუპაცია და მის მიერ შექმნილმა კონფლიქტმა 14 ათას ადამიანზე მეტის სიცოცხლე შეიწირა“, – აღნიშნა ვენდი შერმანმა.
შერმანის განმარტებით, ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა დღეს რუსეთს განუცხადეს, რომელ სფეროებში შეუძლიათ თანამშრომლობა, რათა უსაფრთხოება უზურნველყოფილი იყოს ყველასთვის და ამასთან, აშშ-მა და ნატო-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საკუთარი ერთგულება დიპლომატიის, როგორც უსაფრთხოების მშენებლობის ყველაზე მისაღები გზის მიმართ.
„ჩვენ დღეს რუსეთს მაკფიოდ და პირდაპირ განვუცხადეთ, თუ ის შეიჭრება უკრაინაში, ამას ექნება მნიშვნელოვანი ფასი და მძიმე შედეგები, ვიდრე ეს იყო 2014 წელს. ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ კოორდინირებული ეკონომიკური ზომები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემისთვის ძალიან მწვავე იქნება“, – განაცხადა შერმანმა.
შერმანის თქმით, დასავლელმა ქვეყნებმა აჩვენეს რუსეთს, რომ მზად არიან რუსეთთან ურთიერთობების გასაგრძელებლად სხვადასხვა ფორმატში და ამჯერად რუსეთის გადასაწყვეტია, რას აირჩევს – დეესკალაციას და დიპლომატიას, თუ კონფრონტაციას და შესაბამის შედეგებს.
„მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც აშშ-რუსეთის შეხვედრის, დღევანდელი ნატო-რუსეთის შეხვედრის და ხვალინდელი ეუთო-რესეთის შეხვედრის შესახებ რუსეთის დელაგაციის წევრები პრეზიდენტ პუტინს მოხსენებებს წარუდგენენ, ის აირჩევს მშვიდობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა ვენდი შერმანმა.