ვენაში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული გაერთიანების წევრი სახელმწიფოების განხილვის მთავარი თემა კონტინენტზე არსებული მიგრაციული პრობლემებია.
ევროკავშირისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების ხმელეთზე გადასხდომის პროცესი წარმოადგენს, რის გამოც შესაძლოა, ევროპული გაერთიანების მიგრაციული პროგრამა „სოფია“ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
როგორც ცნობილია, იტალია თავდაცვის მინისტერიალს საკუთარი მოთხოვნებისთვის იყენებს. შეხვედრაზე ოფიციალურმა რომმა ევროკავშირის მიგრაციულ პროგრამაში მონაწილეობის სანაცვლოდ, გარკვეული პირობების შესრულება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთვევაში, იტალია ევროკავშირის მისიის მიერ, ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტებისთვის პორტების დახურვით იმუქრება.
ევროპელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ოფიციალურმა რომმა ევროპულ გაერთიანებას გადაწყვეტილების მისაღებად, დრო 31 აგვისტომდე მისცა. ხვალამდე გაერთიანებაში უნდა შეიმუშაონ ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების სხვადასხვა პორტებში გადანაწილების სქემა, რომლის მიხედვითაც ზღვისპირა ქვეყნები იხელმძღვანელებენ.
ევროკავშირის მიგრაციული კრიზისის დროს, 2015 წელს ხმელთაშუა ზღვა აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი მიგრანტების მთავარი მარშრუტი იყო. კუსტარულად დამზადებული ნავებით მგზავრობის გამო კი, მათი მოგზაურობა საკმაოდ ხშირად, ფატალურად სრულდებოდა. ამ დროს ევროკავშირმა მისია „სოფია“ აამოქმედა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენას ითვალისწინებს. იტალია სწორედ აღნიშნული მისიიდან გამოთიშვით იმუქრება.