ვეძისის დასახლებაში დაჭრილ ოთხ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა
ვეძისის დასახლებაში დაჭრილ ოთხ მამაკაცს ოპერაცია ჩაუტარდა

თბილისში, ვეძისის დასახლებაში გვიან ღამით დაჭრილი ოთხი ახალგაზრდა კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.

ექიმის, ზვიად ძნელაძის განცხადებით, ერთ-ერთი დაშავებული – გოგონა მსუბუქად იყო დაჭრილი, რომელიც მალევე გაწერეს, ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს კი ქირურგიული დახმარება დასჭირდა. მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

ზვიად ძნელაძის თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, შედარებით მძიმე იყო. სამედიცინო დახმარების შემდეგ, ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ორი კი პალატაშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ. დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.