ვატო წერეთელი მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილის შინაარსს სოციალურ ქსელში ეხმაურება
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წერილის შინაარსი „ტვ პირველის“ მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წერეთელი აღნიშნავს, „ტვ პირველი“ მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს, რომელიც გამჭვირვალეა.
„გამოქვეყნებული წერილის შინაარსი „ტვ პირველის“ მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი, რადგან 11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპირდნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით…
„ტვ პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ „ტვ პირველი“ მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და „ტრენდს“, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია“, – აცხადებს წერეთელი.
მისივე თქმით, „ტვ პირველი“ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას.
„არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ.
PS. ეს კინო უკვე ნანახი მაქვს… პირველი სერია გადავიტანეთ“, – წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.
გენერალურმა პროკურატურამ დღეს მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.