ვასილ მაღლაფერიძე - თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საქართველოში მედია 2017 წელსაც იგივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც 2009 წელს, ის არაკომპეტენტურია ან შეცდომაშია შეყვანილი
თუ ვინმეს მიაჩნია, რომ საქართველოში მედია 2017 წელსაც იგივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც 2009 წელს, ის არაკომპეტენტურია ან შეცდომაშია შეყვანილი, – ასეთი კომენტარი გააკეთა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ Freedom House-ის ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009-2012 წლების შეფასებას უტოლდება.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, Freedom House-ი პატივსაცემი ორგანიზაციაა, მაგრამ ვინც ორგანიზაციას ასეთი ინფორმაცია მიაწოდა, კეთილსინდისიერება არ გამოიჩინა.
„ნებისმიერი შეფასება არის საინტერესო, მაგრამ ნებისმიერ შეფასებას სჭირდება გადამოწმება. ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2017 წელს მედიის მდგომარეობა საქართველოში ისეთივე იყო, როგორც 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში. ვფიქრობ, არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები, არამედ, ყველა, ვისაც თუნდაც საქართველოს გვერდზე გაუვლია, ამ ინფორმაციას უბრალოდ, არ დაიჯერებს და ეს ძალიან იოლად შეუძლიათ, შეამოწმონ.
აღარ ვიტყვი, რა დღეში იყო მედია, აღარ გავიხსენებ დარბევებს, კიდევ უფრო სამარცხვინო ანტენების დაჭერას, როგორ გადასცემდნენ ძირითადი მედიასაშუალებები ერთსა და იმავე ინფორმაციას და ასე შემდეგ. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა 2017 წელსაც, ის უბრალოდ არაკომპეტენტურია ან შეცდომაშია შეყვანილი“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის თავისუფლების ხარისხს, როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, დღეს პირველი არხის თანამშრომლები ზუსტად ისეთივე თავისუფლებით სარგებლობენ, როგორც ევროპაში, რაც შეიძლება გადამოწმდეს ნებისმიერ მცირე დეტალშიც კი.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს არიან ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობდნენ სწორედ 2009, 2010, 2011 და 2012 წლებში. ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ამ საპატივცემულო ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ, მობრძანდნენ და გაესაუბრონ, როგორი მდგომარეობა იყო მაშინ და როგორი მდგომარეობაა დღეს.
შემიძლია ვთქვა, რომ დღეს პირველი არხის თანამშრომლები არიან სრულიად თავისუფალი, აქვთ ყველანაირი ხელშეწყობა, სრულად გამოამჟღავნონ შესაძლებლობები.
დღეს პირველი არხის თანამშრომლები სარგებლობენ ზუსტად ისეთივე თავისუფლებით, როგორც ევროპაში, შეიძლება ბევრ ქვეყანაზე წინაც ვიყოთ. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
Freedom House-ის ანგარიშში საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2017 წელს მედიის დამოუკიდებლობის კუთხით არსებული ვითარება იმავე ქულებით არის შეფასებული, როგორც 2009, 2010, 2011, 2012 წლებში. ორგანიზაციის შეფასებით, შედარებით გაუმჯობესებული იყო მედიაგარემო 2014-დან 2017 წლამდე პერიოდში. ამ დროს საქართველოს რეიტინგში 4,00 ქულა აქვს მინიჭებული.