ვასილ მაღლაფერიძე - თუ ვიღაც ფიქრობს, რომ 20-21 სანათით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, პირველ არხს დაეუფლოს, ნუ წავართმევთ ამ ბედნიერებას
თუ ვიღაც ფიქრობს, რომ 20-21 სანათით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, პირველ არხს დაეუფლოს, ნუ წავართმევთ ამ ბედნიერებას, ამ ფიქრის ბედნიერებაში დავტოვოთ – ამის შესახებ პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ გადაცემის წამყვანთან ირაკლი აბსანძესთან საუბრისას განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი პირველ არხზე გავლენის მოპოვებას ნათურით ცდილობდეს, ეს შეთქმულების თეორიების მიღმაა. მაშინ უნდა შევწყვიტოთ ოპერაში, თეატრებში სიარული, სადაც მართლაც ბევრია გაკეთებული.
თუ ვიღაც ფიქრობს, რომ 20-21 სანათით ცდილობს ბიძინა ივანიშვილი, პირველ არხს დაეუფლოს, ნუ წავართმევთ ამ ბედნიერებას, ამ ფიქრის ბედნიერებაში დავტოვოთ. მგონია, რომ ადამიანებს აქვთ ბედნიერების უფლება. ხომ გახსოვთ, „შესანიშნავ შვიდეულში“ რომ კვდება და მითხარი, იქ ვერცხლიაო და დაამშვიდებენ. ჩვენც დავამშვიდოთ ადამიანები, რომ დიახ, ეს ასეა და დავტოვოთ საკუთარ ბედნიერებაში“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ბერა ივანიშვილის საქციელი სამაგალითოა თითოეული მოქალაქისთვის და მათთვის, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ აჩუქოს არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ყველას.
„განათების სისტემის დეტალებში ნუ შევალთ – ზოგი ამ სტუდიაშია და ზოგიც მეორეში, მაგრამ უფრო საინტერესო კითხვას დავსვამდი, რატომ მოხდა, რომ ტელევიზია, რომელიც ამდენი ხანია ფუნქციონირებს და რომელსაც ჩვენი პატივცემული კოლეგები დაფინანსებას ხშირად აყვედრიან – ამას ირონიით არ ვამბობ, ახლა ყოველდღიურად ინტერესდებიან, თუმცა ეს კარგია, რომ განათება არ ჰქონდა ისეთი, პატარა სტუდიაც რომ გაენათებინა.
ჩვენ ვქირაობდით განათებას, როგორც წესი და რიგია. კერძო ტელევიზიებისგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენი პროცედურები გვაქვს. ეს ხშირად აბნევს ადამიანებს, მათ შორის მედიაექსპერტებს. ეს შეგვიძლია ჩვენ მხოლოდ ვაკეთოთ ტენდერით, ტენდერს კი ატარებს შესყიდვების სააგენტო, სახელმწიფო. აქ ჩვენ ნაკლებად ვმონაწილეობთ. მოკლედ, ფასი წყვეტს ყველაფერს. ვინც ამ საქმეში ჩახედულია, ეს იცის და თუ არა, იოლად შეუძლია გაერკვეს, ვინც მართლა დაინტერესებულია.
ძალიან კეთილი სამსახური გაგვიწიეს მედიაექსპერტებმა. გარკვეული აჟიოტაჟი ატეხეს ადამიანებმა, იქ გაიმარჯვა ფირმამ, რომელიც უკავშირდებოდა ბერა ივანიშვილის სახელს და ამან საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ბერამდე მიაღწია ამ აჟიოტაჟმა იმ კონტექსტით, რომ ბერა გამდიდრებას აპირებდა ამ ტექნიკით. მან გამოხატა კეთილი ჟესტი და ეს განათება აჩუქა საზოგადოებრივ ტელევიზიას. ვფიქრობ, რომ ეს სამაგალითო საქციელია თითოეული მოქალაქისთვის, ვისაც ამის შეძლება აქვს, აჩუქოს არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელს, არამედ ყველას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.