ტელევიზიები თავიანთ მაყურებელს ელაპარაკებიან იმაზე, რაც მათ უნდათ, პირველი არხის ჟურნალისტები კი ცდილობენ, მოყვნენ ის, რაც არის და მე, როგორც ერთი მაყურებელი, მადლობას ვუხდი მათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ადამიანებს უნდათ, ტელევიზია იყოს ბრძოლის იარაღი და როდესაც შენ ცდილობ, ბრძოლის იარაღი არ იყო, ეს შეიძლება არცერთ მხარეს არ მოსწონდეს ხოლმე. მე, პირადად, ძალიან მადლობელი ვარ პირველი არხის ჟურნალისტების. მგონია, რომ თვიდან თვემდე მათი პროფესიონალიზმი იზრდება, რეპორტაჟები და გადაცემები ნამდვილად ძალიან მაღალი დონის არის. კარგად ვიცნობ ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებს და ჩვენი არავისზე არაფრით ნაკლები არ არის, ხშირად მეტიც კი არის. ეს არის კარგი ოპერატორების ნამუშევარი, თავდადებული ნამუშევარი, როცა ვხედავთ, აქციები როგორ არის გაშუქებული. ეს არის ის ტვირთი და გამოწვევა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა ზიდოს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ და ვის შორის უნდა ჩატარდეს დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაში, როდესაც პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის „ქარტიას“, კანონი კი ამბობს, რომ დებატები უნდა ჩატარდეს, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, დებატი უნდა შედგეს პროგრამებთან დაკავშირებით, ეკონომიკურ-პოლიტიკურ საკითხებზე, პარტიების რაღაც ჯგუფი კი დროებითი ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა, რომელმაც რაღაც პროცესები უნდა დაალაგოს.
„ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ არის დიალოგის და დისკუსიის რეჟიმი. ყველა თავის სიმართლეში აბსოლუტურად დარწმუნებულია და ეს იწვევს ხოლმე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაღიზიანებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ კანონს უნდა გადავუხვიოთ. ხშირად ეს გაღიზიანებული რეფლექსიაა, ვიღაცას რაღაც გაახსენდება, გამოვარდება და რაღაცას იტყვის. საქართველოში რაღაცნაირად იყო ეს ნორმა, რომ „უპრაგონო“ ლაპარაკი და სიტყვების ბრახუნი არ იყო მიღებული, მაგრამ ახლა უკვე, სამწუხაროდ, ვისაც რა გაახსენდება და მოუნდება, იმას იძახის“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია მედიის როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში იმ მოცემულობაში, როცა საზოგადოება ორად არის გაყოფილი პოლიტიკურად, მსოფლმხედველობრივად, იდეოლოგიურად, წარსულისადმი დამოკიდებულებით, მომავლის ხედვით და კულტურის აღქმით, რას ნიშნავს მიუკერძოებლობა, როგორ უნდა იყოს ასეთ ვითარებაში საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და სად უნდა იპოვოს ამ მიუკერძოებლობის მიუკერძოებელი შემფასებელი ასე მკვეთრად პოლარიზებულ მსოფლიოში, მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ არსებულ რეალობაში ამის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა არის კანონი და პრინციპები, რომლის დაცვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი რჩება.
„ამ ამოცანას თუ დაისახავთ, ვფიქრობ, რკინის ქალამანი უნდა ჩაიცვათ, თუმცა ეს მარტო ქართული მოვლენა არ არის. არცერთი ტელევიზია არ გეტყვით, რომ მიკერძოებულია და ამას არცერთი ადამიანი არ გეტყვით, არცერთი პოლიტიკოსი, არცერთი ექსპერტი, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთმანეთზე გვექნება გონივრული ეჭვები, რა და როგორ არის. ახლა, შემფასებელიც რომ ვთქვათ, ვინ უნდა იყოს მიუკერძოებლობის შემფასებელი? კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით – მაგალითად, შენ თუ არ წერ, რომ ეს რუსული კანონია, ატყდება ხოლმე ერთი ამბავი, რომ ობიექტური არ ხარ. მან რომ თქვა, ეს რუსული კანონიაო, ესე იგი, უნდა იყოს რუსული კანონი და პირიქით. ერთსაც მიაჩნია, რომ ეს მიკერძოებაა და მეორესაც. არხმა რა უნდა ქნას, როცა ყველა თავის სიმართლეს უყურებს? მგონია, რომ მიუკერძოებლობის აბსტრაქტულად დევნა აქედან არ გამოვა და ჟურნალისტებმა კანონი, კონსტიტუცია უნდა დაიცვან. ერთადერთი საზომი ეს იქნება. საერთოდ, ჟურნალისტები პოლიტიკურ მოწოდებებს უნდა მოერიდონ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ამ პრინციპს ნამდვილად იცავენ, ფაქტების სიზუსტეს იცავენ და კონსტიტუციის ფარგლებიდან არ გადიან“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მაღლაფერიძის თქმით, სამწუხაროდ, ბილწსიტყვაობა ფოჩიან ქაღალდში გაეხვია, როგორც გამოხატვის თავისუფლება და ის ძალიან მძიმე ბულინგის, ზეწოლის, ფსიქიკაზე ზემოქმედების ფორმად იქცა, რაც ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ ზემოქმედებაზე მძლავრი იარაღია.
„ეს მეთოდი დიდი ხნის განმავლობაში მკვიდრდებოდა და მიიღო ისეთი ფორმა, როგორიც მიიღო. პირდაპირ გეტყვით, ეს ნაპერწკლებით თამაშია ბენზინის ავზთან. ეს არ იყო ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა. ალბათ არც ფრანგული და არც ესპანური კულტურისთვის არ იყო დამახასიათებელი, ეს რაღაც ბოლოს გაჩნდა. ცოტა გაიბრაზებს თავს პოლიტიკოსი, ვითომ რაღაცნაირად აღიგზნება და ამას ხელს უწყობენ მედიის წარმომადგენლები, რადგან მათ ჰგონიათ, რომ ეს კარგია და შემდეგ ამით ბედნიერებას გრძნობენ. ჟურნალისტიკისთვის ეს არის მდარე და ამავე დროს, ძალიან ცუდ კულტურას ამკვიდრებს, რადგან ბილწსიტყვაობისა და სისულელის ჭუჭყს ქმნის; დიდი ნაგავი რომ გროვდება, სიტყვა ფასს კარგავს და როცა ასეთ ვითარებაში ადამიანი რაღაცას იტყვის, უკვე არაფერს ისეთი ფასი აღარ აქვს. საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ქცევის ნორმები ადამიანს რაღაცნაირად ზღუდავს და ეს არის გარკვეული ურთიერთობების წესი, ასე კი თანდათან ვუბრუნდებით იმ სტადიებს, რომლებიც კაცობრიობამ გამოიარა. ვფიქრობ, თავმოყვარე ჟურნალისტმა ასეთი ადამიანი რაღაც პერიოდი არ უნდა ჩაწეროს. როცა რესპონდენტი შენთან ბილწსიტყვაობისა და ვიღაცის მიმართ იარაღით მუქარის უფლებას აძლევს თავს, შენ კი ეს მოგწონს, სულ მცირე, სერიოზული „გოიმობაა“ ჟურნალისტის მხრიდან. ეს არის ჟურნალისტების გამოწვევა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.