ვასილ მაღლაფერიძე - სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე
სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას და რასაკვირველია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე, რადგან ეს ჩვენი ვალია, – ასეთი კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ზვიად რატიანთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტზე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ გოგელიამ საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე პირველი არხის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის შესახებ მეურვეთა უარყოფითი პოზიცია არხის ხელმძღვანელობას გააცნო.
„სტანდარტები იყო დარღვეული, ადამიანის უფლებების შელახვას შეიცავდა, ჩვენი აზრით. ალბათ, პასუხისმგებელი პირი ამაზე შესაბამის პასუხს აგებს“, – აღნიშნა გრიგოლ გოგელიამ.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, პირველი არხი მოქმედებდა იმ სტანდარტებით, რომელიც არის დადგენილი.
“ცხადია, არც ერთ ადამიანს ეს აჟიოტაჟი არ მოეწონებოდა. სრულად ვიღებ იმ პასუხისმგებლობას, შიგნით რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს არის ჩემი სრული პასუხისმგებლობა. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ბორდის წინაშე. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ სიუჟეტის მიმართ – ეს არ არის დადებითი, მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია. პირველი არხის მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი. უნდა გითხრათ, რომ ის, რაზეც არის ამბავი ატეხილი, შემიძლია წარმოგიდგინოთ. ეს გაუშვა აბსოლუტურად ყველა არხმა, რომელსაც ახლა ვაძლევ ინტერვიუს. პირველი არხი, იმ ცნობილ გამონათქვამებს არ გავიმეორებ, ადებდა სიგნალს და აქ არიან არხები, რომლებიც ამას უშვებდნენ სიგნალის გარეშე, მათ შორის ჩვენზე ადრე. ჩვენ ჯერ დაბალი ყურებადობა გვაქვს და ისე წარმოჩინდა, რომ ეს პირველმა არხმა გაავრცელა და დაატირაჟირა“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, სრულად იღებს პასუხისმგებლობას პირველი არხის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით.
“მე იმ დღეს არ ვიყავი ჩემი პრობლემების გამო სამსახურში. გუშინ სრულად შევისვაწლე სიტუაცია. შემიძლია, შემდეგ მოგაწოდოთ სურათი, როგორ შუქდებოდა მედიაში ეს ამბავი და ნახავთ, რომ ის, როგორც შუქდებოდა და რაც არის, თანხვედრაშია ერთმანეთთან. სრულად ვიღებ იმ პასხუსიმგებლობას, რაც იქნება”, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ამასთან, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, შსს-ს მიერ ზვიად რატიანის საქმეზე მიწოდებული ვიდეოს გავრცელება სხვა ჟურნალისტებმაც ჩათვალეს საჭიროდ, რადგან საზოგადოების დიდი ინტერესი იყო.
„ვფიქრობ, რომ მასალის გამოქვეყნება იყო სწორი, რადგან საზოგადოების დიდი ინტერესი არსებობდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევე მოქმედებდა, როგორც სხვა ტელევიზიები – არის რაღაც სატელევიზიო ქმედების ლოგიკა.
ბუნებრივია, გამოითხოვეს ვიდეო, საიდანაც გაუშვეს მხოლოდ ნაწილი, სიგნალით დადებული – ამას ხაზს ვუსვამ. ეს იყო და ეს. ამავე დროს, უნდა გითხრათ, რომ ეს გავიდა ხუთივე ტელევიზიაში. რატომ ვუსვამ ამას ხაზს – როცა მიმდინარეობს პირდაპირი ბულინგი ამასთან დაკავშირებით, ამიტომ ვიღებ პასუხისმგებლობას, როცა მიდის პირდაპირი ბულინგი ისე, რომ სიმართლე არ ირჩევა, სასამართლოზე, იურისტები ბრძანდებით, ყველას თავისი უნდა მიეზღოს.
გარდა ორი ტელევიზიისა, ყველა ტელევიზიაში გავიდა ის ამბავი სრულად, ღიად. მე არ შევდივარ განხილვაში, სწორი იყო თუ არ იყო სწორი და ამის განხილვა დღეს არ არის. მე გეუბნებით, რომ ეს გავიდა ყველგან. რატომ? – იმიტომ, რომ ეს ჩათვალეს ჟურნალისტებმა საჭიროდ. რადგანაც, ისინი აწვდიდნენ ინფორმაციას. ასე ჩათვალეს მათ საჭიროდ. ასე ჩათვალა არა ერთმა, არამედ ხუთი ტელევიზიის ჟურნალისტმა. შემდეგ ისე ხდება საზოგადოებისთვის მიწოდება – ეს ჩვენთან ტრადიციაა, თითქოს გაუშვა პირველმა არხმა, გასაგებია, კონკურენცია არსებობს, მაგრამ არსებობს კიდევ გარკვეული პროფესიული ეთიკა. გასაგებია, რომ ეს ტელევიზიებიც ჩართულები აღმოჩნდნენ ამაში. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ავიღებ რასაც საჭიროდ ჩავთვლი და რასაც ბორდი გადაწყვეტს“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.